Accentnews.ge
უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდება

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებებს ელოდება

02/11/2021 08:02:24 პოლიტიკა

უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ კიევში საქართველოს ელჩ გიორგი ზაქარაშვილთან შეხვედრისას მოითხოვა განმარტებები "საქართველოში ჩასული უკრაინის მოქალაქეებისთვის პრობლემების შექმნის გამო". ამის შესახებ ინფორმაციას დენისოვა ავრცელებს.

მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბრიდან, საქართველოს საელჩო უკრაინაში იღებს მოქალაქეთა მრავალრიცხოვან მიმართვებს საქართველოში სასაზღვრო კონტროლის ხანგრძლივი პროცედურების და უკრაინაში იძულებით დაბრუნების გამო.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ეს თავადაც გამოსცადა 26 ოქტომბერს უკრაინის მოქალაქის, რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით საქართველოში ჩასვლისას, როცა მესაზღვრეებმა 40-წუთიანი შეფერხების შემდეგ მისცეს ქვეყანაში შესვლის უფლება.

"სასაზღვრო სამსახურს შეფერხების მიზეზი არ განუმარტავს და ყურადღება არც მისი დიპლომატიურ პასპორტისთვის მიუქცევია. ამასთნ, ქართულმა მხარემ განმარტების გარეშე ქვეყანაში არ შეუშვა უკრაინის მოქალაქეები, ადვოკატი ევგენ გრუშოევეცი, მიხეილ სააკაშვილის კიევის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში და ჟურნალისტები – დიმიტრი გორდონი და ოლესია ბაცმანი", – აცხადებს დენისოვა.

უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს ელჩთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან მსგავსი ქმედებების განმარტებას ელოდება.

მისი ცნობით, ელჩთან შეხვედრისას განიხილეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, "სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს და ყველაფერი გაკეთდეს სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების დასაცავად".

ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, ელჩი გიორგი ზაქარაშვილი დაჰპირდა, რომ მის მიერ წამოჭრილ საკითხებს საქართველოს ხელისუფლებამდე მიიტანს და შესაბამის განმარტებებს წარუდგენს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S