"ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობაში და დაუღალაობაშია"
02/11/2021 08:19:10 პოლიტიკა
ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს და მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიმართვას. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არჩევნებში უკლებლივ ყველა ქალაქში გაიმარჯვა და "ივანიშვილის ბანდას" ახლა მათი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის ეშინია.
მისი თქმით, ახლა ძალა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი – მრავალრიცხოვნობაში და დაუღალაობაში.
"ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული. მანამდე ეუბნებოდნენ რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო, მერე როცა მოიგეს, უბრალოდ გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო. არადა ერთადერთი, ივანიშვილის ბანდას ეშინიათ სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნების და მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის. არ არსებობს მსოფლიოში დიქტატორი, რომელსაც ამის არ ეშინია და ეს დიქტოტორი განსაკუთრების სუსტია, იმიტომ, რომ ძირითაფი ფული დასვლეთის ბანკებში აქვს და დასავლეთმა აბსოლიუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევბი და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში. აქ კი თქვა ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო, ახლა აუცილებლად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ შემდგომ ქუჩაში ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა, ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძნედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით ნიკა მელიაა, ასევე, რამდენიმე ძალიან გაბედული ლიდერი, რეგინული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერების. და მეორე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, გაძლევთ სიტყვას, რომ მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა, თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობაში და დაუღალაობაშია", - სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.
დღეს 17:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში, ხოლო 18:00 საათზე რუსთავის ციხესთან.


