Accentnews.ge
"რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ ვიხსნით სააკაშვილს ბოროტი ხელისუფლების კლანჭებიდან"

"რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ ვიხსნით სააკაშვილს ბოროტი ხელისუფლების კლანჭებიდან"

02/11/2021 09:32:11 პოლიტიკა

ენმ–ის ლიდერ ნიკა მელიას განცხადებით, რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "ხელისუფლების ბოროტი კლანჭებიდან" არ იხსნიან.

“ყველაზე დიდი დანაშაულია, როდესაც არჩევანს ართმევ საქართველოს მოქალაქეს. დამარცხებულებს გამარჯვებულებად აცხადებ და პირიქით. ეს არ და ვერ დარჩება პასუხგაუცემელი! დიახაც, საქართველო იწყებს პროტესტს, სამართლიან პროტესტს. ეს დღეს იწყება ბათუმში, ველოდებით ბათუმელებს და არამხოლოდ ბათუმელებს, 17:00 საათზე, აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე რუსთავის ციხესთან, 18:00 საათზე ველოდებით მოსახლეობას, ვისაც ანაღვლებს მიხეილ სააკაშვილი ბედი, ვისაც ანაღვლებს მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა. მინდა ეს ავლგამოთ. რუსთავის ციხესთან აქცია გაგრძელდება მანამ,ვიდრე კონკრეტულ შედეგს არ მივიღებთ და არ ვიხსნით პრეზიდენტ სააკაშვილს ამ კლანჭებიდან, რომელსაც ბოროტი ხელისუფლების კლანჭები ჰქვია და გადაწყვეტილი აქვს პრეზიდენტი სააკაშვილი არ იყოს ცოცხალი“,- აცხადებს მელია.

ცნობისთვის: დღეს 17:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება ბათუმში, ხოლო 18:00 საათზე რუსთავის ციხესთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S