"თუ არაფერი შეიცვლება კონსტიტუციაში, შეიძლება, უკეთესიც კი იყოს"
02/11/2021 09:38:22 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ვალდებულება არ აქვს.
მისი თქმით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის შეიძლება უკეთესიც კი იყოს, თუ კონსტიტუციაში ცვლილები არ შევა და შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.
„საკონსტიტუციო უმრავლესობა თუ არ იქნება, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მივიღებთ, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი საკითხი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს დღეს დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5%-იანი დემოკრატიული საარჩევნო ბარიერი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, ეს იქნება სამსჯელო თემა. მაგრამ რომ არ შეიცვალოს არაფერი კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას არავითარი ზიანი არ მიადგება, შეიძლება, უკეთესიც კი იყოს დემოკრატიის განვითარებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.
დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომელსაც საფუძვლად 19 აპრილის შეთანხმება უდევს, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნები 2%-იანი ბარიერითა და სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.


