"დღეიდან ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნების შემთხვევით და შერჩევით გადათვლის პროცესს გამოეთიშებიან"
02/11/2021 12:24:05 პოლიტიკა
"გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" წევრი თამარ კორძაია აცხადებს, რომ დღეიდან ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბნების შემთხვევით გადათვლის და შერჩევით გადათვლის პროცესს გამოეთიშებიან.
იგი მიიჩნევს, რომ პროცესი "ფასადურია".
„დღეს დილიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პარლამენტში აღნიშნავდნენ ძალადობით, შანტაჟით და გაყალბებით მოპოვებული გამარჯვების შედეგებს, თუმცა მინდა მათ შევახსენო, რომ ჯერ პროცესები არ დასრულებულა და პროცესი მიმდინარეობს მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე. საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის ატვირთული 300-მდე ვიდეო, მხოლოდ თბილისის მასშტაბით გამოქვეყნებული არ არის 106 უბნის ამსახველი ვიდეო კადრები. მნიშვნელოვანია, რომ უბანზე დამკვირვებლები და კომისიის წევრები აცხადებდნენ, რომ მიმდინარეობდა ჩაწერა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო საარჩევნო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 109 უბანზე ვიდეოები არ არის ჩაწერილი, ან ცუდი ხარისხით არის ჩაწერილი. შესაბამისად, კონტროლის ეს მექანიზმი ვერ და არაა გამოყენებული ხელისუფლების მხრიდან. ამ ფონზე როცა ამ მასშტაბის ვიდეოები არაა ატვირთული, მხოლოდ 20 უბნის გადათვლა, ისიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით თუ კომისიების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, არ იძლევა არავითარ სურათს და არავითარი შედეგის მაჩვენებელი არაა, გარდა იმისა, რომ საქმე გვაქვს ფასადურ დემოკრატიასთან. გადათვლის პროცესი მიმდინარეობს ხარვეზიანად, არასრულყოფილად, ტენდენციურად, რასაც ადასტურებს ის, რომ მხოლოდ ბიულეტენებს ითვლიან. არ ხსნიან სამაგიდო სიებს და ხელმოწერებს, რაც არჩევნების გაყალბების უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ნაწილია. ამ პროცესს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფასადურად ტარდება, დღეიდან გამოეთიშებიან ჩვენი წარმომადგენლები. დღეიდან ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ ვაგრძელებთ გასაჩივრებას და ჩვენს მიერ წარდგენილი საჩივრების, ყველა საკითხის განხილვაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას", - აცხადებს თამარ კორძაია.


