"წინ პოსტსაარჩევნო რევოლუციაა"
02/11/2021 13:30:44 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურების შედეგებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "30 ოქტომბერს საარჩევნო რევოლუცია მოხდა, ახლა კი წინ პოსტსაარჩევნო რევოლუციაა".
“30-ში საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა — ხალხმა საარჩევნო ყუთებთან ავტორიტარიზმი დაამარცხა. ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს!”, – ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.
ამ წუთებში ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. დემონსტრანტების მოთხოვნაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს18:00 საათზე რუსთავის ციხესთანაც.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


