"იზა ჩირგაძის საკონტაქტო ნომერი დილიდან გამორთულია და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება"
02/11/2021 14:10:15 პოლიტიკა
"სამართლიანი არჩევნები" მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მზად არიან, სამართლებრივად დაიცვან იზა ჩირგაძის უფლებები, თუმცა მათი თქმით, ჩირგაძესთან დაკავშირებას დილიდან ვერ ახერხებენ.
"1 ნოემბერს , საღამოს „სამართლიან არჩევნებს“ იზა ჩირგაძისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის თხოვნით მომართა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრმა, ერთიანი ოპოზიციის ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატმა, იმედა კლდიაშვილმა. ორგანიზაციის წარმომადგენელი მაშინვე დაუკავშირდა ჩირგაძეს და 2 ნოემბერს 13:30 საათზე სამართლებრივი დახმარების საჭიროების ფარგლებისა და ინფორმაციის დაზუსტების მიზნით შეუთანხმდა შეხვედრაზე, თუმცა, დღეს, დილიდან იზა ჩირგაძის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამორთულია და მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. 1 ნოემბერს, ღამის საათებში იმედა კლდიაშვილმა განაცხადა, რომ იზა ჩირგაძეზე სუს-ის მიერ განხორციელდა ზეწოლა, მას აუკრძალეს კავშირი ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კლდიაშვილმა, პროტესტის ნიშნად, ავტომობილით ქუთაისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი გადაკეტა. სამართალდამცავებმა იგი დაუმორჩილებლობის გამო ძალის გამოყენებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ ჩირგაძისა და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე და ზეწოლისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამართალდამცავ ორგანოებს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიერ გაჟღერებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტები და მიიღონ სათანადო და დროული ზომები იზა ჩირგაძეზე სავარაუდო ზეწოლის აღსაკვეთად",- ნათქვამია განცხადებაში.
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრის იმედა კლდიაშვილის თქმით, იზა ჩირგაძეზე სუს-ის მიერ განხორციელდა ზეწოლა და მას ოპოზიციის წევრებთან კონტაქტი აუკრძალეს. კლდიაშვილმა აღნიშნულ პირზე სუს-ის მხრიდან ზეწოლა გააპროტესტა და ავტომობილით ქუთაისის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელი გადაკეტა. ის დაუმორჩილებლობის გამო ძალის გამოყენებით დააკავეს.


