მელია – სააკაშვილზე: "ვდებ ფიცს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ მის გასათავისუფლებლად"
02/11/2021 14:26:39 პოლიტიკა
"ვდებ ფიცს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად", – ამის შესახებ ენმ–ის ლიდერმა ნიკა მელიამ ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მელიას თქმით, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება მისი ვალდებულებაა.
"ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება არ არის ჩემი, უბრალოდ სურვილი. ეს არის ვალდებულება და მე ჩემდა თავად, აი, აქ ვდებ ფიცს, რომ ვიბრძოლებ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მის გასათავისუფლებლად, რაც არ უნდა ძვირად დამიჯდეს ის. სიცოცხლის დათმობის ფასადაც რომ დამიჯდეს, დიახაც, ეს ყველაფერი მოხდება. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც გადავარჩენ და მასაც გავათავისუფლებ. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილის, ივანიშვილის, ბატონი გომელაურების და ლილუაშვილების გასასამართლებელი არაა", – განაცხადა მელიამ.
როგორც მან აღნიშნა, კოალიციური ერთობა არათუ გრძელდება, არამედ გაფართოვდება:
"კოალიციური ერთობა არათუ გრძელდება, არამედ გაფართოვდება, რადგან ის არ იყო ჩვენი წინასაარჩევნო სვლა და გეგმა. ჩემი რწმენაა, რომ ამ ქვეყანას მომავალში უნდა ჰყავდეს კოალიციური მმართველობა. ეს არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას საბჭოთა წარსულს და სვლა ევროპული ოჯახისკენ განაგრძოს. ასე ფიქრობს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარდა".


