"შევარცხვინე ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედა შეაგინებს"
02/11/2021 15:21:22 პოლიტიკა
„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება სჭირდება, რათა გამოუსწორებელი შედეგები არ დადგეს.
მისი თქმით, ხელისუფლების არაგონივრულმა ქმედებებმა შესაძლოა, ქვეყანა ფატალურ შედეგებამდე მიიყვანოს.
"თქვენ იცით, "ლელოს" ფრაქციამ გამოაცხადა ბოიკოტი პარლამენტში იმიტომ, რომ საშიშროების წინაშე დგას ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა რა დამოკიდებულება მქონდა მასთან ან მას ჩემთან.ის არის საქართველოს პრეზიდენტი და მას ეკუთვნის ისეთივე სამედიცინო მომსახურება, რომ ჩვენ ფატალურ შეცდომამდე არ მიგვიყვანოს ამათმა სიგიჟემ. შევარცხვინე ისეთი ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედას შეაგინებს. ეს არ არის ქართველობა!", – განაცხადა ხაზარაძემ ბათუმში გამართულ ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხვალინდელი დღე კოალიციური მმართველობისთვისაა:
"ჩვენ როცა ვსაუბრობთ აფხაზეთის, სამაჩაბლოს, აფხაზი და ოსი ადამიანების შემოერთებაზე და ერთიან, ძლიერ საქართველოზე, რა მაგალითი უნდა მივცეთ თითოეულ მათგანს, როცა ერთმანეთში ვერ ჩამოგვიყალიბებია რა გვინდა. ამიტომ არის ბათუმის მაგალითი გადამდები, ამიტომ არის კოალიცია უალტერნატივო. ამიტომ არის ხვალინდელი დღე კოალიციური მმართველობისთვის. საქართველოში პოსტსაბჭოთა მენტალობა უნდა დამთავრდეს. პოსტსაბჭოთა მენტალობა არის ერთი კაცის მმართველობა, ერთპარტიული მმართველობა. ის წართმეული არჩევნები, როცა ქართველ ხალხს სულს აძრობ და ხმის უფლებას ართმევ. შენ შენს შვილს ართმევ მომავალს და ვიღაცას ჰგონია, რომ ჯიბეში ჩადებული გასამრჯელო არის მადლიანი, მაგრამ ის არ აარის მადლიანი ფული. ის არის სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ფული, ღალატის ტოლფასს მიმართული ფული".


