"გადათვლილია 1 830 საარჩევნო უბნის ხმების 11%, გადათვლას წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია"
02/11/2021 18:13:25 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურების მონაცემების გადათვლის სტატისტიკას აქვეყნებს.
ცსკ-ის ცნობით, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცსკ-ის თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში პირველ ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები.
„მოცემული დროისთვის გადათვლილია 1 830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. ორი ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია“, – აცხადებენ ცსკ-ში.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.


