58 უბნის შედეგების გადათვლით ყველაზე მეტი ხმა "ქართულ ოცნებას" დაემატა
03/11/2021 09:41:30 პოლიტიკა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურებში კიდევ 58 უბანზე მიცემული ხმების გადათვლის შედეგები.
ცსკ–ის რეკომენდაციით, 2 ნოემბერს საოლქო საარჩევნო კომისიებმა შედეგები ხელახლა დათვალეს იმ უბნების ნაწილში, სადაც ხმების შეჯამების ვიდეოგადაღება არ ყოფილა. ცსკ–ის ინფორმაციით, გადათვლილი 58-დან 44 საარჩევნო უბნის შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ის მცირედით შეიცვალა. კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, „ქართულ ოცნებას“ დააკლდა 5 და დაემატა 39 ხმა და „გახარია-საქართველოსთვის“ დააკლდა 34 ხმა.
როგორც ცსკ–ში აცხადებენ, ხელახლა დათვლას არათუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.
30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები 15 მუნიციპალიტეტსა და 5 თვითმმართველ ქალაქში ჩატარდა. ცსკ–ის წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან მმართველი პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და "უკომპრომისო ბრძოლას" აანონსებს.


