Accentnews.ge
რუსული ჯარების კონცენტრაცია: პრელუდია შეჭრისათვის, თუ საინფორმაციო ომის ნაწილი?

რუსული ჯარების კონცენტრაცია: პრელუდია შეჭრისათვის, თუ საინფორმაციო ომის ნაწილი?

04/11/2021 08:31:38 ანალიზი

რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯარებისა და ტექნიკის კონცენტრირებას აგრძელებს. თუმცა რამდენად მაღალია შემდგომი სამხედრო ესკალაციისა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის რეალური რისკი?

თანამგზავრული ფოტოები, რომელიც გასულ ორშაბათს კომპანია Maxar Technologies-მა გადაიღო, ადასტურებს ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთი კვლავ ახდენს უკრაინის საზღვართან ჯარებისა და ტექნიკის კონცენტრირებას, - იუწყება გამოცემა Politico. მანამდე იგივეს წერდა ამერიკული გამოცემა “Washington Post”. ახალ კადრებზე შეიმჩნევა ტანკების, თვითმავალი არტილერიისა და ქვეითების კონცენტრაცია რუსულ ქალაქ ელნის მიდამოებში, რომელიც ბელარუსის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს. იმ ქვედანაყოფების რიცხვში, რომელთა გადასროლაც დაიწყო სექტემბრის ბოლოს რუსეთის სხვა რეგიონებიდან, შედიან პირველი გვარდიული სატანკო არმიის ელიტური ნაწილებიც, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

როგორც “ამერიკის ხმა” აღნიშნავს, ამერიკელი ექსპერტები მსგავს ქმედებებს უკრაინაზე კრემლის ზეწოლის ნაწილად განიხილავენ.

«ნატო-სა და ყველა ჩვენი პარტნიორისთვის მნიშვნელოვანია, დროულად ამოვიცნოთ ამ მოვლენების არსი, რათა კრემლი შეცდომის დაშვებისგან შევაკავოთ. ჯოზეფ ბაიდენმა და სხვა დასავლელმა ლიდერებმა კრემლთან დიალოგი უნდა განაგრძონ, თუმცა ის ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ დასავლეთის ქვეყნები ერთიანნი იქნებიან. რაც შეეხება იმას, შეიცავს თუ არა საფრთხეს რუსული ჯარებისა და ტექნიკის გადაადგილება უკრაინის საზვრისაკენ, ჩემი აზრით, შეიცავს. რუსი სამხედროები ყოველთვიურად კლავენ უკრაინელ ჯარისკაცებს. მოსკოვს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ირგვლივ დიდი შესაძლებლობები გააჩნია. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის და პრეზიდენტ ზელენსკიზე ზეწოლის მიზნით კეთდება, რათა უკრაინა შეუმდგარ სახელმწიფოდ წარმოაჩინონ და ამით მის დასავლურ ინტეგრაციას შეუშალონ ხელი» – თვლის, “ამერიკის ხმის” ინფორმაციით, ევროპაში ამერიკის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, ამჟამად კი ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი ექსპერტი ბენ ჰოჯესი (Ben Hodges, CEPA).

რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სტრატეგიული წვრთნები «დასავლეთი-2021», 2021 წლის 13 სექტებერი

კორპორაცია RAND-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი დარა მესიკოტი (Dara Massicot, RAND corporation) რუსული ჯარების უჩვეულო გადაადგილებაზე ამახვილებს ყურადღებას.

«ბოლო რამდენიმე კვირაა, სმოლენსკის ოლქში თვალს ვადევნებთ რუსული სამხედრი ტექნიკის არადამახასიათებელ კონცენტრაციას – ტანკებს, არტილერიასა და სხვა ტექნიკას, რომელიც ჩვეულებრივ დასავლეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქების სხვა ობიექტებზეა ბაზირებული. ბრიანსკის სიახლოვეს ასევე შეიმჩნევა სარაკეტო კომპექსები “ისკანდერი” და სხვა ტექნიკა. ამავდროულად, რუსული ჯარი გაიყვანეს პოგონოვოს პოლიგონის მიდამოებიდან (ვორონეჟის სიახლოვეს, უკრაინის საზღვართან უფრო ახლოს). შესაძლოა, ეს მოვლენები ერთმანეთთან კავშირშია» – აღნიშნავს ექსპერტი.

ამავდროულად, მისი შეფასებით, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, წარმოადგენს თუ არა კრემლის მოქმედება პრელუდიას შეჭრისათვის.

«არსებობს თუ არა სამხედრო ესკალაციის საფრთხე? მოსკოვის ზრახვები გაურკვეველია. თუ სამომავლოდ სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში მეტი სამხედრო ნაწილი განთავსდება, მეტი სიზუსტით შეგვეძლება ვითარების პროგნოზირება. მომდევნო კვირები ან შესაძლოა, თვეები ვითარებას უფრო მეტ ნათელს მოჰფენს» – ამბობს დარა მესიკოტი.

ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის მკვლევარი ალექსანდრე კრაუტერი (Alexander Crowther, Florida International University, CEPA) თვლის, რომ რუსული ჯარების გადაადგილება კრემლის საინფორმაციო ომის ნაწილია: «ის, რომ მედიაში გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ ბევრი შეაშფოთა, სწორედაც რომ მიზეზია იმისა, რატომ იქცევა კრემლი ამგვარად. მან იცის საინფორმაციო კონფრონტაციის წარმოება. ეს იმ პოლიტიკური ომის ნაწილია, რომელსაც მოსკოვი ყველა ჩვენგანის წინააღმდეგ აწარმოებს. ჯარების გადაადგილება არა მარტო კარგი წვრთნაა, მას სხვა მიზანიც აქვს – დასავლთის დაშინება. კრემლს სიამოვნებას ჰგვრის, შეაშინოს უკრაინა, რომელმაც ახლახანს რუსული ჯარის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა».

ალექსანდრე კრაუტერს ეჭვი ეპარება, თავის ტერიტორიაზე რუსული ჯარების გადაადგილება სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის მზადებას წარმოადგენდეს.

«კრემლისთვის ამაში არავითარი პოლიტიკური სარგებელი არაა. რაც მეტს იგდებს ხელში, მით მეტი პასუხისგება მოუწევს დანგრეული ინფრასტრუქტურისთვის, რომლის აღდგენაში ფული იხარჯება. ყირიმი რუსეთს ძვირი დაუჯდა. პირობითად რომ ვთქვათ, რა სარგებელს მიიღებს რუსეთი, მაგალითად, ხარკოვის დაპყრობით? უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მხოლოდ განარისხებს ირგვლივ ყველას და საბაბს შექმნის კიდევ უფრო მეტი სანქციისა და იზოლაციისთვის. აი, სამხედრო მანევრებისთვის კი სანქციებს არ აწესებენ. ასე, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ომთან, რომელიც მის მწარმოებელთა ალღოიანობით შემოიფარგლება» - აღნიშნა მან.

კრაუტერი დასძენს, რომ “კრემლში არსებობს მკაფიო აღქმა იმისა, თუ სად გადის ზღვარი, რომლის გადაკვეთაც დაუშვებელია”:

«შეიარაღებული შეჭრის დაუშვებლობა გაერო-ს წესდებაშია ჩაწერილი. მოსკოვში ამის შესახებ მშვენივრად უწყიან. ოფიციალურად, რუსეთი ყირიმსა და დონბასში არ შეჭრილა. იგი “სეპარატისტულ ძალებს უჭერდა მხარს”. ამას ვერ დაამტკიცებ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ იქ რუსული ჯარები იმყოფებოდნენ. ამდენად, საერთაშორისო სამართალი შესაძლებლობას არ გვაძლევს, სერიოზული რეაგირება მოვახდინოთ რუსეთის ქმედებებზე. მოსკოვში მშვენივრად იციან, სად გადის ზედა ზღვარი და ოსტატურად მოქმედებენ მის ქვემოთ», – ამბობს ექსპერტი.

როგორც “ამერიკის ხმას” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს, ამერიკული მხარე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს დიდი ყურადღებით აკვირდება.

«გაგვაჩნია ინფორმაცია უკრაინის სიახლოვეს რუსეთის განსაკუთრებული სამხედრო აქტივობის თაობაზე. რუსეთის ზრახვებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა კვლავაც ყურადღებით ვაკვირდებით რეგიონში ვითარებას და განვაგრძობთ კონსულტაციებს მოკავშირებსა და პარტნიორებთან. წარსულშიც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ კონფლიქტის ესკალაციისკენ მიმართული ნებისმიერი აგრესიული ქმედებები აშშ-ის დიდ შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ვაგრძელებთ რეგიონში დეესკალაციის მხარდაჭერას და უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის დიპლომატიურ დარეგულირებას. როგორც უკვე განვაცხადეთ, ჩვენს მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ურყევია», – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის კომენტარში.

აი, ბენ ჰოჯესის აზრით კი, აშშ-მა უნდა განაგრძოს აქტიური საგარეო პოლიტიკა რეგიონში პარტნიორებისა და მოკავშირეების ჩართულობით.

«ჩვენ იმის მიხედვით უნდა ვიცხოვროთ, რაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა და პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა განაცხადეს უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერის თაობაზე. მაგრამ ამას მარტონი ვერ გავაკეთებთ, ეს ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან, ევროკავშირთან თანამშრომლობით უნდა გავაკეთოთ, რათა მივაღწიოთ კრემლზე დიპლომატიურ და ეკონომიკურ ზეწოლას კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად. აშშ-მა მკაფიოდ უნდა დაანახოს მსოფლიოს, რომ უკრაინის სუვერენიტეტის შემდგომი დარღვევა დაუშვებელია», – ამბობს ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსი ექსპერტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S