"უცნობმა" მაუწყებლებში "დაუმსახურებელ შეურაცხყოფაზე" კანონის გასამკაცრებლად პარლამენტს მიმართა
04/11/2021 09:00:42 პოლიტიკა
გიორგი გაჩეჩილაძე მეტსახელად "უცნობი" პარლამენტისგან ითხოვს ტელემაუწყებლების რეგულირება გამკაცრდეს. მას მიაჩნია, რომ ცილისწამების შემთხვევაში არსებული მექანიზმის, მათ შორის სასამართლოს გამოყენება არაეფექტური გზაა და ამიტომ დამატებითი ბერკეტები უნდა გაჩნდეს კანონში.
"გთხოვთ შეიმუშაოთ, განიხილოთ და მიიღოთ საქართველოს ორგანულ კანონში "მაუწყებლობის შესახებ" სათანადო ცვლილებები, რომლების გამორიცხავს ცილისწამებლური და პიროვნების დაუმსახურებლად შეურაცხმყოფელი ფაქტების გასაჯაროებას. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები წაახალისებს მაუწყებლობის სფეროს წარმომაგენლებს საფუძვლიანად გადაამოწმონ ფაქტები და მოვლენები და მხოლოდ შემდეგ გამოიტანონ საჯარო განხილვის არეალზე", - აცხადებს გია გაჩეჩილაძე.
იგი იმედოვნებს, რომ მისი ეს შეთავაზება პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს:
"ვიტოვებთ თქვენი მხარდაჭერის იმედს და გამოვთქვამთ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ ჩვენი საკანონმდებლო წინადადების შემდგომი დამუშავებისა და განხორციელების პროცესში".
პარლამენტის ბიურომ "უცნობის" ეს ინიციატივა განიხილა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადაუგზავნა განსახილველად.


