Accentnews.ge
"ნუ გვაქვს მოლოდინი, რომ რეჟიმი, რომელმაც სრულიად სასაცილო საქმეები შემიკერა, შემიწყალებს"

"ნუ გვაქვს მოლოდინი, რომ რეჟიმი, რომელმაც სრულიად სასაცილო საქმეები შემიკერა, შემიწყალებს"

04/11/2021 09:03:08 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ "არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ იგივე რეჟიმი შეიწყალებს, რომელმაც სრულიად სასაცილო საქმეები შეუკერა".

სააკაშვილის თქმით, "მისი და ქვეყნის გათავისუფლებაც მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია".

"მივესალმები მთელ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო ერთიანობისა და აქტივობის პროცესს. ქართველმა ხალხმა მოახდინა საარჩევნო რევოლუცია, როდესაც ყველა ქალაქში დაამარცხა "ოცნება" და ის, რომ გამყალბებლებით, სიის მაგიდის ქალბატონებით და ძველი ბიჭებით თქვენ ეს გამარჯვება მოგპარეს, სულაც არ მეტყველებს რეჟიმის სიძლიერეზე. რეჟიმს, რომელსაც სიტყვა რევოლუციაზე აკანკალებს სიმტკიცის მარაგი მთლიანად ამოწურული აქვს და ახლა ჩვენი გამოსვლებით ყველგან ვაჩვენებთ მსოფლიოს და ივანიშვილს, რომ ჩვენი გამარჯვება გვეკუთვნის მხოლოდ ჩვენ და ასეთი სიმწარით მოპოვებული გამარჯვება ხალხს უნდა დავუბრუნოთ. მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იგივეს აპირებენ სამეგრელოში, მივესალმები "გირჩელი" იმედა კლდიაშვილის სამოქალაქო გმირობას ქუთაისში, იზა ჩირგაძის გამბედაობას სიმართლის თქმაში და მოვუწოდებ სხვა ადამიანებს ვისაც აიძულეს ხმის გაყალბებაში მონაწილეობა, მიბაძონ ჩირგაძის მაგალითს და იმ პოლიციელების მაგალითს, ვინც გადადგა, მაგრამ სიმართლე თქვა. ახლა აღარაა არც პარტიული კუთვნილებით, არც წარსული საქმიანობით დაყოფის დრო, დრო არის ერთიანობის და ბრძოლის. ჩვენ არც ერთ ერზე ნაკლები არ ვართ და ბრძოლა აუცილებლად მოგვიტანს შედეგს. რეჟიმი ძალიან სუსტია. რაც შეეხება იმ მოლოდინს, რომ იგივე რეჟიმი, რომელმაც სრულად სასაცილო საქმეები შემიკერა ახლა შემიწყალებს, ნურავის ნუ გვაქვს ამის მოლოდინი. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ესენი პირდაპირ იღებენ მითითებებს მოსკოვიდან და ამგვარად ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს, რომელიც გაითავისუფლებს თავის თავს, გამათავისუფლებს მეც. მე არ მსურს არც ერთი თანამდებობა, მინდა სიცოცხლე, თავისუფლება, შესაძლებლობა თავისუფლად გადავაადგილდებოდე საქართველოში და თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს შორის", - ნათქვანმია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც საზოგადოებას ადვოკატმა გიორგი გელხაურმა გააცნო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "სააკაშვილის შეწყალებაზე მისი პოზიცია მყარი და უცვლელია – არა და არასოდეს". ამასთან, მან განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად:

"ეს მოითხოვს პენიტენციალური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას , ყველა ზომების მიღებას რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S