04-11-2021 17:24:04 საშინაო პოლიტიკა ,ანალიზი
„ქართული ოცნება“ ექვს მუნიციპალიტეტში საკრებულოების დონეზე დაკარგული უმრავლესობის დაბრუნებას ცდილობს და როგორც თავად აცხადებს, დეპუტატებთან მოლაპარაკებებს ინდივიდუალურად რეჟიმში აწარმოებს. თუმცა 4 ოქტომბრის მდგომარეობით, რეგიონებში სიახლის, ცოცხალი პოლიტიკური პროცესისა და ცხარე დებატების მოლოდინი ჯერ კიდევ ნარჩუნდება, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, არც ერთ პარტიას მყარი უმრავლესობა ჯერ კიდევ არ აქვს. კერძოდ:
ამ მოცემულობით, პარტიებს მთელ რიგ საკითხებზე მოუწევთ თანამშრომლობა, მათ შორის - საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის არჩევის, ასევე ბიუჯეტის დამტკიცების მიზნით.
მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს ირჩევს საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტი; საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს – სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი; ბიუჯეტს ახალი წლის დაწყებამდე ამტკიცებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. ამასთან, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საკრებულოს და მერს ვადამდე უწყვეტს უფლებამოსილებას, რაც რიგგარეშე არჩევნების ერთგვარი წინაპირობაა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თანამშრომლობის თაობაზე პარტიებს შორის შეთანხმება მიღწეული არაა. არჩევნების შემდეგ გიორგი გახარიამ (რომლის პარტიის წევრთა ამა თუ იმ საკითხისადმი მხარდაჭერა არსებულ მოცემულობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს) განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური ძალა „ქართულ ოცნებასთან“ ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის შექმნას არ გეგმავს და მხარეებს საჯარო დიალოგისკენ მოუწოდა.
„თუ საკრებულოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, ეს ნიშნავს, რომ ვერც ბიუჯეტს დაამტკიცებენ. ხოლო თუ საკრებულო არაფუნქციონირებადი გახდა, მაგალითად, კომისიის თავმჯდომარეებს ვერ აირჩევს, ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებს და ა.შ., მაშინ სამ თვეში ორივეს [მერს და საკრებულოს – რედ.] სახლში „გაუშვებენ“. ამდენად, მათ შეთანხმება მოუწევთ. ნამდვილად საინტერესო პროცესი გველის: პირველად შეიძლება, შედგეს რეალური საკრებულოები, რომლებიც მთავრობის ნოტარიუსები არ იქნებიან“,– ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ექსპერტი თვიმმართველობების საკითხებში ირაკლი მელაშვილი.
ამდენად, მინიმუმ ექვს საკრებულოს რეალურად ეძლევა შესაძლებლობა, გამოიყენოს კანონით მინიჭებული ფართო უფლებამოსილება და ეფექტური კონტროლი განახორციელოს ადგილობრივ მთავრობებზე იქნება ეს შესაძლო კორუფცია, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ქალაქის საკუთრების გასხვისება და ა.შ.
მათ შორის ამ თვალსაზრისითაც ყურადღების ცენტრში მოექცა წალენჯიხა – ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც მერის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. რიგი ორგანიზაციების და ბიზნესმენების მხრიდან უკვე გამოითქვა ქალაქში ოფისების გახსნისა და ბიზნესის გადატანის მზაობა, რაც სანტერესო ინფორმაცია უნდა იყოს ადგილობრივებისათვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ეს კი მნიშვნელოვანი ასპექტია იმ ფონზეც, რომ მუდმივი წუხილია რეგიონებიდან მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის გადინების თაობაზე.
თავად ქალაქის ახლად არჩეული მერი გიორგი ხარჩილავა:
“წალენჯიხის არჩევანმა, ამ ოლიგარქიულ სივრცეში დემოკრატიის ამოხეთქვამ მართლაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა და თავად წალენჯიხას დიდი პერსპექტივა შეუქმნა, ადგილზე თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის გზები გახსნა. ამ დღეებში დიდი გამოხმაურება გვქონდა ბიზნესიდან, მსხილი კომპანიებიდან. მათი იურიდიული მისამართების გადმოტანა ნიშნავს ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლების გაჩენას, იმ დინამიკით, რითაც რაიონი ვითარდებოდა – დოტაციული ტრანსფერებით, ეს ძალიან უსახური იყო, ახლა კი წალენჯიხელებმა ყურადღება დაიმსახურეს, მათ შორის კერძო ბიზნესიდან, ემიგრანტებისგან: ინვესტიციები ხელოვნებაში, სპორტში... რაიონში იტერნეტი არ არის!. საინტერესო ინიციატივებია ჯანდაცვის სფეროდანაც. აქ ერთგვარი ჰაბი შედგება, რომელიც იქნება დეცენტრალიზაციის მოდელი“.
ამდენად, საინტერესო პროცესები ჯერ კიდევ წინაა, მანამდე კი მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებენ საკრებულოები ფუნქციონირებას მრავალპარტიული წარმომადგენლობისა და, შესაბამისად, თანამშრომლობის აუცილებლობის პირობებში, ხოლო პოლიტიკოსები - კოალიციის შესახებ დაპირებების რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, ერთგვარ სახელმძღვანელოდ უნდა ექცეს ამომრჩეველს უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის.