„არ ვამბობ, რომ ძმაკაცები ვიყოთ“ – კალაძე ოპოზიციას ამჯერად თანამშრომლობას სთავაზობს
04/11/2021 13:38:38 პოლიტიკა
დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე ოპოზიციას საკრებულოებში თანამშრომლობას სთავაზობს და ამბობს, რომ სურს, ჯანსაღი დებატები შესაძლებელი გახდეს.
„მათი გადასაწყვეტია, აქციები გამართონ თუ სხვანაირად გამოხატონ თავიანთი შეხედულება სხვადასხვა საკითხებზე. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა დაჯდომა, ჯანსაღი პოლემიკა, დებატები. მე, როგორც ქალაქის მერი, მზად ვარ, ეს ნაბიჯები გადავდგა. ისევ და ისევ ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. ნამდვილად არ მინდა საზოგადოების დაყოფა, თბილისელების დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად. ყველას მერი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც, რომ ამ ქალაქის განვითარება შეუქცევადი პროცესი იყოს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველასთვის. ვგულისხმობ თანამშრომლობას, საკრებულოში ხომ არიან წარმოდგენილები. ის ხომ არაა, რომ ჩვენ ვიცით მხოლოდ ამ ქალაქთან დაკავშირებით ყველაფერი. შეიძლება მეც შემეშალოს, რაღაც გამოგვრჩეს. არ ვამბობ, რომ ძმაკაცები ან მეგობრები უნდა ვიყოთ, ეს აუცილებელი არაა, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ქალაქის განვითარებისთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებ, რომ ოპიზიცია თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აქციებს მართავს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კალაძემ მეორე ტურამდე განაცხადა, „მზად ვარ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგა, რომ ეს პოლარიზება დავასრულო“, თუმცა სამი დღის შემდეგ – 18 ოქტომბერს ამომრჩეველს "ენმ–ის სახით ბოროტებისა და ბოლშევიზმის საბოლოოდ დასრულების" შესახებ ესაუბრა.


