„ბევრია ასეთი და ყველას ამოვიღებ“ – გვარამია საპატრიარქოს საკუთარ შუამდგომლობებს ახსენებს
04/11/2021 13:57:22 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას შეფასებით, საპატრიარქოც და სასამართლოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ანტიჰუმანურობა ჰქვია.
გვარამია გამოეხმაურა საპატრიარქოს პოზიციას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს აქამდე არაერთ საქმეზე მიუმართავს პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით, მათ შორის, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც.
„მე იუსტიციის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. არ ვიცი ამჟამად საქართველოს საპატრიარქო ტყუილს განიხილავს თუ არა, როგორც ცოდვას, მაგრამ მე ტყუილს განვიხილავ როგორც ფაქტს. ამიტომ, შემიძლია, ვუპასუხო, რომ საქართველოს საპატრიარქო წლების განმავლობაში, მათ შორის, ამ ხელისუფლების დროსაც, ყოველგვარი მიმართვების და განსჯების, შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე. ბევრია ასეთი და ყველას ამოვიღებ“,– განაცხადა გვარამიამ.
მან ირაკლი ბათიაშვილის საქმე გაიხსენა, რომელსაც მისი თქმით, „არავისთვის უთხოვია არაფერი, არ დაუწერია არანაირ შეწყალებაზე თანხმობა, ბრალი არ უღიარებია“:
„საპატრიარქოს არაფერი განუხილავს, ისე შეიტანა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან განცხადება. შეგახსენებთ, რომ ის სასჯელს სამშობლოს ღალატისთვის იხდიდა. საპატრიარქომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და პირადად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. დღეს რაც ჩვენ მოვისმინეთ არის ტყუილი!".
მისივე ინფორმაციით, სასამართლომ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ განიხილა:
"ორმა ინსტიტუციამ დღეს გვითხრა უარი მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთი არის საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ „შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთო“ და მეორე არის სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების ღონისძიების გამოცემაზე განცხადება და ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან. სულ რომ მართლა ხარვეზი ყოფილიყო ამ განცხადებაში, სამი სიტყვა წერებოდა ერთ გვერდზე - „მიხეილ სააკაშვილი კვდება, გთხოვთ გასცეთ განკარგულება გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში“, ეს რომ დაგვეწერა, სასამართლოს ეს უნდა გაეკეთებინა? მისდია ფორმალიზმს და გამოაბრუნა ხარვეზით ჩვენი განცხადება, როცა ადამიანისთვის ყოველი საათი მნიშვნელოვანია. ერთიც და მეორეც - საპატრიარქოც და სასამართლოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ანტიჰუმანურობა ჰქვია. წერტილი“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


