"მივესალმები სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელშიც მან კვლავ დაადასტურა, რომ მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს"
04/11/2021 17:45:27 პოლიტიკა
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მიესალმება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის არშეწყალების თაობაზე.
„გასაკვირი არ იქნება ალბათ, თუკი ვიტყვი, რომ მივესალმები ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც მან კვლავ დაადასტურა, რომ არ მოხდება მესამე პრეზიდენტის შეწყალება, ვინაიდან მას დანაშაულები აქვს ჩადენილი. ეს დადასტურებულია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილებებით და როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დამნაშავემ უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც აქვს მისჯილი. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ზედმეტი შეფასებები და კომენტარები ამ საკითხს აღარ სჭირდება. ყველა უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ როდესაც სჩადი დანაშაულს, იქ არის უკვე კანონით გათვალისწინებული სასჯელიც“,- განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.
გუშინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ "სააკაშვილის შეწყალებაზე მისი პოზიცია მყარი და უცვლელია – არა და არასოდეს". ამასთან, მან განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად:
"ეს მოითხოვს პენიტენციალური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას , ყველა ზომების მიღებას რათა ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე".


