მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან კახა კუჭავა მივიდა
05/11/2021 07:52:31 პოლიტიკა
მოშიმშილე დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მივიდა.
"უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველა პირობა. აქ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. მაინტერესებდა აკლდა თუ არა პირობები ან ა.შ. ყველაფრით არის კმაყოფილი, ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება", - აცხადებს კუჭავა.
პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარია ამბობს, რომ თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ "ადამიანურად მოიკითხა":
"რა თქმა უნდა, მას გავაცანი მოთხოვნები, თუმცა მისი მოსვლის მთავარი მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა. შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ, ეს მაინც კარგი მაგალითია იმისა, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი ადამიანური სახის შენარჩუნება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი მაინც რჩება, სახეზეა. ამ თემის [პოლიტიკური კრიზისი] გადაჭრაზე საუბარი არ გვქონია", - განაცხადა ხოშტარიამ კახა კუჭავასთან შეხვედრის შემდეგ.
ხოშტარია მესამე დღეა, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
ამ ხნის განმავლობაში ხოშტარიასთან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ მისულან.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


