უკრაინის სახალხო დამცველი: "პრეზიდენტი სრულად ინფორმირებულია, რა მდგომარეობაში იმყოფება სააკაშვილი"
05/11/2021 11:35:13 პოლიტიკა
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულად ინფორმირებულია.
როგორც დენისოვამ "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილის საკითხზე გაფართოებული სხდომა ჩატარდა, რომელსაც პრეზიდენტის ოფისის უფროსი ხელმძღვანელობდა.
"მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები იმისთვის, რათა მიემართათ საქართველოს მხარისთვის. მოთხოვნაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გაუწიონ სამედიცინო დახმარება სააკაშვილს. აუცილებლად საჭიროა საავადმყოფოში გადაიყვანონ სააკაშვილი, სადაც არ იქნება საფრთხე მისი ჯანმრთელობისთვის, მისი ფიზიკური განადგურების და სადაც იქნება შესაძლებლობა ყოველგვარი სამედიცინო დახმარების მიწოდების. მეორე - მიეცეთ ჩამოსვლის საშუალება უკრაინელ ექიმებს და მიეცეთ სააკაშვილის გამოკვლევის, აუცილებელი დასკვნის გამოტანის საშუალება, რა მდგომარეობაში იმყოფება სააკაშვილი და რა დახმარება ესაჭიროება", - განაცხადა დენისოვამ.
მისი თქმით, უკრაინელის ექიმების კონსილიუმს დასკვნის გაკეთების საშუალება უნდა მიეცეთ.
როგორც უკრაინელი ომბუდსმენი აცხადებს, მესამე პრეზიდენტისგან წერილი მიიღო, სადაც ის საკუთარ მდგომარეობას აღწერს და აღნიშნავს, რომ მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.
"უკრაინაში წარმოდგენილ 78 ელჩს მივაწოდეთ ინფორმაცია და ისინი გადასცემენ ამის თავიანთ ქვეყნებს. ამის შემდეგ ველით შესაბამის განცხადებებსა და რეაგირებას", - აღნიშნა დენისოვამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


