შავი ზღვა, როგორც "რუსეთის სამხედრო ტბა": რა სტრატეგიული მიდგომა ექნება აშშ-ს

05-11-2021 17:26:34 ანალიზი

ამერიკელი ანალიტიკოსები შავი ზღვის "რუსეთის სამხედრო ტბად გადაქცევაზე" მიუთითებენ და თვლიან, რომ ვაშინგტონმა ამ რეგიონისადმი იმგვარი სტრატეგიული მიდგომა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც უსაფრთხოების სფეროში მის "შავ ხვრელად" ქცევას არ დაუშვებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უარი თქვა თავის მუქარაზე, ქვეყნიდან 10 დასავლელი დიპლომატი გაეძევებინა, მათ შორის - ამერიკისაც, ვაშინგტონმა ანკარასთან ურთიერთობები უნდა აღადგინოს და დაეხმაროს თურქეთს, თავი დააღწიოს იმ ჩიხს, რომელშიც რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა С-400-ის შესყიდვის შედეგად აღმოჩნდა, - თვლის, "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი ჯიმ თაუნსენდი (Jim Townsend, Center for a New American Security).

«თავდაპირველად პრობლემა შეიქმნა იმ შეცდომების გამო, რომელიც ორივე მხარემ თურქეთში ამერიკული სისტემა "პეტრიოტის" განთავსების კუთხით დაუშვა. ერდოღანმა რუსული С-400-ის შესყიდვა არა იმიტომ გადაწყვიტა, რომ თავად ჩათვალა ეს საჭიროდ ან თურქმა სამხედროებმა მოისურვეს. ეს იყო გზავნილი ამერიკას: მე არ მჭირდება "პეტრიოტი", შემიძლია, С-400 ვიყიდოო. შექმნილი ჩიხური ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალი ასეთია: С-400-ები არ განთავსდეს, დარჩეს საწყობში და დავრწმუნდეთ, რომ ისინი არაა ინტეგრირებული თურქეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში» – ამბობს ჯიმ თაუნსენდი.

ამერიკელი ექსპერტების აზრით, ბოლო 15 წლის განმავლობაში შავი ზღვის რეგიონი ევროპაში ხისტი კონფრონტაციისა და კონფლიქტის ზონადაა ქცეული: მოლდოვას ნაწილის ოკუპაცია, 2008 წლის ომი საქართველოში, ყირიმის ანექსია 2014-ში და საბრძოლო მოქმედებების დაწყება დონბასში. მათი შეფასებით, შავი ზღვა "რუსულ სამხედრო ტბად იქცა".

როგორც ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი იან ბჟეზინსკი (Ian Brzezinski, Atlantic Council) აღნიშნავს, რუსეთი რეგიონში ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების მთელს სპექტრს ახორციელებს.

«ეს მოიცავს როგორც ემბარგოს ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში, ისე კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს, საბოტაჟსა და მკვლელობებს. ჩვენი მკაფიო პოლიტიკისა და სტრატეგიის არარსებობის გამო რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს რეგიონში აგრესიულ მოქმედებას. უკრაინაში ნატო-ს ერთობლივი ცენტრის ჩამოყალიბება, შავ ზღვაზე ალიანსის წარმოდგენილობის გაზრდა, უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გეგმის წარმოდგენა, რეგიონში ეკონომიკური გამჭვირვალეობის ამაღლება და აშშ-ის მიერ "სამი ზღვის ინიციატივის" მხარდაჭერა – ეს მხოლოდ რამდენიმეა რუსეთის შეკავების სტრატეგიის აუცილებელი ძირითადი ელემენტებიდან», – თვლის მკვლევარი.

ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტი ალინა პოლიაკოვა (Anna Polyakova, CEPA) კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შავი ზღვის რეგიონში არსებული პრობლემებისა და ქვეყნებს შორის განსხვავებული ალიანსების მიუხედავად, მათ ყველას აერთიანებს შიში რეგიონის რუსული მილიტარიზაციის მიმართ. მისივე აზრით, რეგიონისადმი აშშ-ის სტრატეგიამ უნდა მოიცვას, მათ შორის, აქტიური ბრძოლა რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთანაც.

«დაუშვებელია, რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლა რეგიონში დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერისგან მოწყვეტილად იქნას განხილული, რადგან ეს ერთი მთელის ორი შემადგენელი კომპონენტია. რუსეთი ავრცელებს ნარატივებს აშშ-ის არასანდოობის, ასევე იმის შესახებ, რომ აშშ რეგიონში ლიდერი არაა და მასში მოქმედების შესაძლებლობა არ გააჩნია. უნდა ითქვას, რომ ეს ნარატივები ძალზე ეფექტურია. რუსეთი მარჯვედ იყენებს პროპაგანდას, რათა აშშ ცენტრალურევროპელ მოკავშირეებს მოსწყვიტოს», – თვლის ალინა პოლიაკოვა.

მისივე აზრით, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციამ რიგ ქვეყნებს რეფორმების დაჩქარების შესაძლებლობა მისცა, უკრაინისა და საქართველოს შემთხვევა კი, რომელთათვისაც რიგი "საგზაო რუქებია" შეთავაზებული, წარმოადგენს სწორ მიმართულებას, თუმცა არ შეესაბამება არსებულ რეალობას.

«უკრაინელებს ესმით, რომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის გრძელი გზის გავლა მოუწევთ. აშშ-მა უნდა განამტკიცოს უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობები, მაგალითად, ერთობლივი წვრთნების, ერთობლივი ცენტრების ჩამოყალიბების საშუალებით და ყურადღების აქცენტირება მოახდინოს იმაზე, როგორ შეიძლება, ეს ქვეყნები იქცნენ რუსულ ჰიბრიდულ გამოწვევებზე საპასუხო ქსელის ნაწილად. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ხომ რუსული კიბერშეტევებისა და დეზინფორმაციის პირველი სამიზნეებია», – დასძინა პოლიაკოვამ.

როგორც ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, შავი ზღვის რეგიონი ტრანსატლანტიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ელემენტია, ადგილი, სადაც რუსეთი, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, ბალკანეთი და კავკასია იკვეთებიან და აშშ-ის სწორმა სტრატეგიულმა მიდგომამ უნდა გამორიცხოს რეგიონის გადაქცევა უსაფრთხოების სფეროში "შავ ხვრელად", - იუწყება "ამერიკის ხმა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები