რუსთავის ციხესთან აქციის ორგანიზატორებს სცენისთვის განკუთვნილი ტექნიკა ჩამოართვეს
06/11/2021 10:00:44 პოლიტიკა
რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს სამართალდამცავებმა სცენის აწყობის უფლება არ მისცეს.
როგორც სამხარეო პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი განუმარტავს ჟურნალისტებს, აქციის ორგანიზატორებს სცენის დასამონტაჟებლად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს და სამართალდამცავებმა, პოლიციის კანონის შესაბამისად, მათ სცენის მონტაჟისთვის განკუთვნილი ტექნიკა ჩამოართვეს:
„ციხის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოხდა ალტერნატიული ადგილის შეთავაზება, მათგან მივიღეთ უარი და მოვიქეცით შესაბამისად. კანონის შესაბამისად მოხდება ამ ტექნიკის იმ კომპანიისთვის გადაცემა, ვისაც ის ეკუთვნის“, - განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.
მოგვიანებით ენმ–ის წევრმა დავი კირკიტაძემ განაცხადა, რომ სამართალდამცველებთან მოხდა შეთანხმება და სცენა სხვა ლოკაციაზე განავსდება.
#12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია 6 ნოემბერს, 17:00 საათისთვის იგეგმება. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, აქცია იქნება პერმანენტული და მზარდი:
„დროდადრო ჩვენ შემოგვიერთდება ყველა ჩვენი პატრიოტი თანამოქალაქე ყველა ჩვენი რეგიონიდან, ქალაქიდან და სოფლიდან. იქ ვიქნებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“.
6 ნოემბერს განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც. რომლის თანახმადაც, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უწყება ფლობს ინფორმაციას, რომ 6 ნოემბრიდან დაგეგმილი აქციების ორგანიზატორები გეგმავენ ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობას და ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების ბლოკირებას.
მიხეილ სააკაშვილის 37-ე დღეა შიმშილობს.


