მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის შესახებ კითხვებით მიმართავს
06/11/2021 10:29:52 პოლიტიკა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგვაძეს, წერილით მიმართავს, 20-მდე კითხვას უგზავნის და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს.
წერილის თანახმად, ინფორმაცია, რომლის მიღებასაც მიხეილ სარჯველაძე იუსტიციის სამინისტროსგან ითხოვს, მოიცავს როგორც მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას, რომლითაც ის საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ასევე მისთვის საპატიმროში შექმნილ პირობებსა და შიმშილობიდან გამომდინარე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების დაზუსტებას.
სარჯველაძე კითხულობს:
- რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფება მიხეილ სააკაშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სპეციალური პენიტენციურ სამსახურის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში?
- რა მდგომარეობაა საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებების განხორციელების კუთხით, კერძოდ: როგორია პატიმრის საცხოვრებელი პირობები და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
- სარგებლობს თუ არა პატიმარი მიმოწერის უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
- სარგებლობს თუ არა პატიმარი პაემნის (ხანმოკლე პაემანი, ვიდეოპაემანი, ხანგრძლივი პაემანი, საოჯახო პაემანი) უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
- სარგებლობს თუ არა პატიმარი იურიდიული დახმარების უფლებით და დაფიქსირდა თუ არა რაიმე შეფერხება ამ მიმართულებით, ასევე პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
- სარგებლობს თუ არა პატიმარი სატელეფონო საუბრის, ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
- აქვს თუ არა წვდომა პატიმარს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
- რა მდგომარეობაა პატიმრის პირადი ჰიგიენის კუთხით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
- რამდენად არის უზრუნველყოფილი სპეციალური პენიტენციური სამსახური შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით, მედიკამენტებითა და სამედიცინო აპარატურით, პატიმრისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი, ჯეროვანი სამედიცინო დახმარების გასაწევად?
- დაფიქსირდა თუ არა პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
- სარგებლობს თუ არა პატიმარი პატიმრობის კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლებით და დაფიქსირდა თუ არა მისი ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი აღნიშნული მიმართულებით?
- იმყოფება თუ არა პატიმარი არათანაბარ მდგომარეობაში ანალოგიური სამართლებრივი სტატუსის მქონე სხვა პატიმრებთან შედარებით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ დეტალურად გვაცნობოთ ასეთი არათანაბარი მოპყრობის მიზეზები.
- დაფიქსირდა თუ არა აღნიშნული პატიმრის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან საჩივარი სხვა რომელიმე უფლების დარღვევის მიმართულებით? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული საჩივრისა და შესაბამისი ნაბიჯების შესახებ, რაც გადაიდგა საჩივარზე რეაგირების მიზნით.
- გამოყენებული იქნა თუ არა პატიმრის მიმართ პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე შემზღუდველი ღონისძიება? დადებითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ გვაცნობოთ შეზღუდვის არსი და მისი გამოყენების საფუძველი.
- როგორია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად (შიმშილობიდან გამომდინარე)?
- რამდენად გაზრდილია შიმშილობიდან გამომდინარე ჯანმრთელობის მოსალოდნელი გაუარესებისა და საგანგებო სპეციალური სამედიცინო ჩარევის აუცილებლობა (იმის მხედველობაში მიღებით, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ვითარების სწრაფად გაუარესების რისკების შესახებ)? აქვე, გთხოვთ მხედველობაში მიიღოთ, რომ გამოითქმის მოსაზრებები შიმშილობის მაქსიმალურად დასაშვები ხანგრძლივობის შესახებ.
- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გართულების გამო პატიმრის იმ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, რომლის ფუნქციაც არის სამკურნალო მომსახურებით პატიმართა უზრუნველყოფა, რამდენად არის უზრუნველყოფილი ადეკვატური და სათანადო, ჯეროვანი სამედიცინო სერვისის მიწოდება, ასევე სამართლებრივი და ფაქტობრივი გარანტიები პატიმრის უსაფრთხოებისა და სხვა უფლებების დაცვისათვის?
- მიხეილ სარჯველაძე ინტერესდება ასევე გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პატიმარმა შეიძინა გარკვეული პროდუქტები, ასევე, რომ მოხდა ექიმების მიერ რეკომენდებული გარკვეული პრეპარატების მიღება, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს იმ ვადებზე, რომლის შემდეგაც მოსალოდნელია მოშიმშილის ჯანმრთელობის გაუარესება.
„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ფლობდეს ამ საკითხების ირგვლივ მაქსიმალურად სრულ ინფორმაციას. რამდენად არსებობს პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის აუცილებლობა? რამდენად შესწავლილია პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაძლო გართულებების რისკები (შიმშილობიდან გამომდინარე)? გთხოვთ მოგვაწოდოთ მასალებიც, რათა გვქონდეს საკითხის შეფასებისთვის აუცილებელი მასალების ანალიზის შესაძლებლობა“, - ნათქვამია მიხეილ სარჯველაძის წერილში.


