ნიკა გვარამია ეხმაურება პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს
06/11/2021 15:27:34 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც უწყების განცხადებით, აღბეჭდილია, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში.
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ ის „ამ ვიდეოს დადებას ელოდა“:
"იუსტიციის საინისტრო ავრცელებს ვიდეოს, როგორ "ჭამს" სააკაშვილი. ოღონდ, რატომღაც საჭმელს არ აჩვებებენ, მხოლოდ კოვზის მოძრაობას. ველოდი ამ ვიდეოს დადებას და დიდი ხანია მზად მაქვს პასუხი. პირდაპირ ეთერში გაჩვენებთ, რაა ეგ "საჭმელი" სინამდვილეში. "შევჭამ" და გემოზეც მოგახსენებთ, როგორია".
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, 6 ნოემბერს, საღამო, რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან გამართული საპროტესტო აქციის პარალელურად, სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მასალა, რომლის აღწერაშიც მითითებულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, უწყება ასაჯაროვებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს.
მანამდე სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერს, რომ უწყების წარმომადგენლებმა მოინახულეს როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე ესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს და შეისწავლეს უახლესი ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის შიმშილობასთან დაკავშირებით.
როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს.
„ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ოქტომბრიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსისა და დაწესებულების სამედიცინო პერსონალის თხოვნით, სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით, იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს. ამ პროდუქტს მას თავად სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, აღნიშნული ვერ შეფასდება, როგორც საკვები და მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამასვე ადასტურებს პაციენტის შიმშილობის შესახებ შედგენილი სამედიცინო ფორმები, სადაც არ არის მითითება პაციენტის მიერ საკვების მიღებაზე, აგრეთვე არ არის დაფიქსირებული პაციენტის შიმშილობის ფორმის ცვლილება, რაც აუცილებელია პატიმრის მიერ საკვების მიღების შემთხვევაში. მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრიდან უწყვეტად შიმშილობს და არ იღებს არანაირ საკვებს“.
სახალხო დამცველის განცხადებით, უწყება ასევე შეისწავლის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობებისა და ჯანმრთელობის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გაცემისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხს, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით.
6 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სპეკულაციების გამორიცხვის საფუძვლით, მან 6 ნოემბრიდან შეწყვიტა მინერალებისა და ვიტამინების მიღებაც.
5 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს სხვადასხვა სახის ფაფებისა და ნატურალური წვენების მიღებას.


