რუსთავის აქციიდან ხელისუფლებას 24–საათიანი ვადა მისცეს
06/11/2021 17:14:27 პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ხელისუფლებას აძლევს 24-საათიან ვადას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის, რომელიც საპატიმროში 37-ე დღეა შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს. ამის შესახებ მან რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა:
„ბიძინა ივანიშვილს 24 საათი აქვს ვადა, რომ თუ რამე საღი აზრი შერჩენია ვინმეს ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა იქნება უზრუნველყოფილი. თუ 24 საათში ამას მაინც არ გააკეთებენ და უნდათ, რომ გაგვხადონ თანამონაწილეები, დამსწრეები და მოწმეები მიხეილ სააკაშვილის მკვლელობისა, ჩვენ ორშაბათს, 8 ნოემბერს, 8 საათზე, მთელი საქართველო ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ამ წუთიდან, ვიდრე მე ვსაუბრობ, 24 საათი აქვს ივანიშვილს, სხვადასხვა წყაროთი შეგვატყობინოს, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანაზე“.
რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე 6 ნოემბრიდან საპროტესტო აქციების უწყვეტი ციკლი იწყება, რომლის მთავარი მოთხოვნაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია არ დაიშლება, მიიღებს პერმანენტულ ხასიათს და გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მათივე განცხადებით, აქციები გაიმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.


