ხოშტარია: "პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია"
07/11/2021 11:03:08 პოლიტიკა
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში შიმშილობს, აცხადებს, რომ სისუსტე აქვს, თუმცა "დრამატული არაფერი ხდება". მისივე ცნობით, დღეს დილით მისთვის სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა.
"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია. წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს, გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია. პულსიც ოდნავ დაბალი, მაგრამ ნორმის ფარგლებში. დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ, ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ, ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე. გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში", - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.
ელენე ხოშტარია მე-5 დღეა, პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


