პენიტენციური სამსახურის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
07/11/2021 18:49:30 პოლიტიკა
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იგი მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
"5 ნოემბერს ჩატარებულ კონსილიუმზე, რომლის შემადგენლობაში იყო რეანიმატოლოგი და ნევროლოგი, მათ შორის, სააკაშვილის პირადი ექიმიც, პატიმარმა დააფიქსირა ჩივილები – თვალის ტკივილი და სურდო. ამის გათვალისწინებით, გაიცა რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილთან ოფთალმოლოგი და ოტორინოლარინგოლოგი შესულიყო.
პრევენციის მიზნით კონსილიუმმა დაგეგმა კარდიოლოგის კონსულტაციაც, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
ორივე ექიმ-სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილს რაიმე მწვავე პათოლოგია არ გამოვლენია.
მიხეილ სააკაშვილს, მისი თანხმობის საფუძველზე, დაწესებულებაში ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა პასუხები ამ ეტაპზე არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა”, - აღნიშნულია განცხადებაში.


