"თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ სააკაშვილი უნდა იყოს თანამდებობაზე, კოალიციის მონაწილე არ ვიქნები"
08/11/2021 07:09:14 პოლიტიკა
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ კოალიციურ მთავრობაში არ იქნება, თუ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თანამდებობა ენდომება. ამის შესახებ მან "პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციაში იქნება მხოლოდ იმ მოცემულობაში, როცა ყოფილი რეზიდენტი თანამდებობაზე უარს იტყვის, პარტიის თავმჯდომარე იქნება ნიკა მელია და ენმ-ს არ ექნება დომინანტი როლი.
"ჩვენი კოალიციური შეთანხმება უკვე არსებობს, ეს არ არის თეორიული, სამომავლო საუბარი. ამ კოალიციაში, მიუხედავად იმისა, მე 2-3% მაქვს, თუ სხვას რამდენი აქვს, ეს კოალიციური შეთანხმება შედგა და შედგა ისე, რომ მიუხედავად იმისა, უმრავლესობა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას", სრული დომინაცია მაინც არ აქვს. ეს კოალიციური შეთანხმება შედგა ენმ–ის ამჟამინდელ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან, რომლის ხედვაც, არის აბსოლუტურად მყარი რწმენა კოალიციაში. სააკაშვილი ამის პარალელურად ამბობს, რომ მას თანამდებობა არ უნდა — ეს არის დღევანდელი მოცემულობა და ამ მოცემულობაში ვარ მე კოალიციაში. თუ პირობები შეიცვლება, მათ შორის ხალხი გადაწყვეტს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს და არა მელია, ან ვინმე სხვა, მაშინ მე ამ პროცესის მონაწილე არ ვიქნები", – განაცხადა ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში იგი ოპოზიციაში იქნება.
ელენე ხოშტარია მე-5 დღეა, პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


