„ძალიან პოზიტიურად შეხვდა" – "ლელოს" ლიდერებმა საკუთარ ინიციატივაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ისაუბრეს
08/11/2021 11:25:22 პოლიტიკა
მას შემდეგ, რაც „ლელოს“ ლიდერები დიალოგის ინიციატივით გამოვიდნენ, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრა შედგა.
„ძალიან პოზიტიურად შეხვდა [კუჭავა ინიციატივას – რედ.] და დაველოდებით მოვლენების განვითარებას“,– განაცხადა შეხვედრის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა ინიციატივის მოტივი და მედიას კონსტრუქციულობის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, მით უფრო, რომ ქვეყანა ღრმა პოლარიზაციის გამო, ორ ნაწილადაა გახლეჩილი.
„დიალოგია საჭირო, რადგან ეს დაპირისპირება საბოლოო ჯამში სად მიდის, წარსულში ვნახეთ. გვქონდა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, რათა ქვეყანას ავაცილოთ შესაძლო ცუდი სცენარი. ქვეყანა გახლეჩილია ორ ნაწილად, საუბარია ადამიანის სიკვდილ–სიცოცხლეზე ვის რა სენტიმენტები ან ბოღმა ედოს გულში. უნდა მოვახერხოთ იმ ვითარების შექმნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სიკვდილი არ დაემუქროს. თუ ეს მოხდა, შემდეგ ასეთი ინტერვიუები აღარ გვიშველის! აქედან გამომდინარე, მედიას მინდა, გთხოვოთ, უნდა ვისწავლოთ ამ დიდ ქაოსში კონსტრუქციის მხარდაჭერა. კონსტრუქცია კი არის დიალოგი და კრიზისებში სიტუაციის მართვა“,– განაცხადა ხაზარაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბადრი ჯაფარიძე.
„საუბარს გავაგრძელებთ“,– აღნიშნა ჯაფარიძემ.
მანამდე ოპოზიციას არჩევნების შედეგების მიღებისკენ მოუწოდა პრემიერ–მინისტრმა და აღნიშნა, რომ "თუ ოპოზიციას საქმეზე რეალური დებატების გამართვა სურს, ამისთვის ადგილი არის პარლამენტი".
შეგახსენებთ, რომ ენმ–ს დღეს აქცია აქვს დაანონსებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი კი 38–ე დღეა, შიმშილობს.


