ნინო გოგუაძე: "პარტია "დროა" საგანგებო რეჟიმზე გადადის"
08/11/2021 13:00:15 პოლიტიკა
"დროას" წევრი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის.
მისი თქმით, თანაპარტიელი ელენე ხოშტარია შიმშილობას მანამ არ შეწყვეტს, სანამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლება მრავალპროფილურ საავადმყოფოში არ გადაიყვანს.
ნინო გოგუაძე ჯანდაცვის მინისტრს მოუწოდებს, ქმედითი ნაბიჯები გადადგას:
"პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პატიმარი სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უფრო კრიტიკული ხდება, ამასთან ერთად შიმშილობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, იგი იღებს მხოლოდ წყალს, უარს ამბობს გადასხმაზე და არ იღებს არანაირ მედიკამენტებს, ელენეს მოთხოვნა არის ერთადერთი, ხელისუფლებამ გადადგას კანონიერი ნაბიჯი, სააკაშვილი გადაიყვანოს მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება დაცული. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ელენე ხოშტარია შეწყვეტს შიმშილობას. ამასთან ერთად, ელენეს მიზანია, ხელისუფლებამ გამოიჩინოს გონიერება და საზოგადოება ააცილოს იმ უმწვავეს დაპირისპირებას საითკენაც მივექანებით, ისედაც უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში. რაც შეეხება პარტია "დროას", ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაში, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა არაძალადობრივ აქციაში. როგორც კოალიციის წევრები, მივიღებთ კოალიციის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას, დავგეგმავთ კოალიციასთან ერთად სხვადასხვა საპროტესტო აქციებს, ასევე "დროა" ჩაატარებს ყოველდღიურად ან არაყოველდღიურად, მაგრამ ხშირად, საკუთარ აქციებს. გვინდა, მივმართოთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, დროა მან ხმა ამოიღოს, დაეხმაროს ექიმების რეკომენდაციის შესრულებას, გამოხატოს პირადი აზრი, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პირადად დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ცინიზმზე, რასაც ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნება" სჩადის", – აცხადებს გოგუაძე.
ელენე ხოშტარია მე-6 დღეა, პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში შიმშილობს. ცოტა ხნის წინ მან გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, სასურველია, დეპუტატი სტაციონარში გადავიდეს. ხოშტარია აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


