"გავიგე, რომ ელენე ხოშტარია ცუდად გახდა და მოვედი, ერთადერთი თხოვნა მექნება, გადასხმები მაინც გაიკეთოს"
08/11/2021 13:10:59 პოლიტიკა
“ქართული ოცნების” წევრმა სოზარ სუბარმა მოინახულა მოშიმშილე დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელმაც ცოტა ხნის წინ გონება დაკარგა.
"გავიგე, რომ ცუდად გახდა, მოვედი, ამ წუთში უკეთესად არის, თუმცა, გასაგებია, რომ შიმშილობის დროს მსგავსი რამ შეიძლება, კიდევ განმეორდეს. კარგად ვიცი, არ გაიზიარებს არც ჩემს თხოვნას, არც მოწოდებას, თუმცა, ერთადერთი თხოვნაც და მოწოდებაც ეს მექნება, რომ თუ შეწყვეტს შიმშილობას ყველაზე კარგი, მაგრამ გადასხმები მაინც გაიკეთოს, რომ ამით მის ჯანმრთელობას მოუფრთხილდეს. ელენეს ამ აქციას და მას ზოგადად, როგორც პოლიტკოსს და ადამიანს ძალიან პატივს ვცემ, მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მისი სამედიცინო სამსახური და კონსილიუმი, რომელიც შექმნილია, ყოველდღიურ მონიტორინგს აწარმოებენ და მათზე უკეთ არავინ იცის როდის, რა ესაჭიროება ადამიანს. ჯერ–ჯერობით არც კონსილიუმს უთქვამს, რომ საჭიროა მისი გადაყვანა, ამას არც შიგნით სასჯელაღსრულების ექიმები არ ამბობენ. თუ საჭირო იქნება გადაყვანა, გადაიყვანენ იმ კლინიკაში, სადაც მას აღმოუჩენენ ადეკვატურ დახმარებას", - განაცხადა სუბარმა.
ელენე ხოშტარია მე-6 დღეა, პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახში შიმშილობს. ცოტა ხნის წინ მან გონება დაკარგა. სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, სასურველია, დეპუტატი სტაციონარში გადავიდეს. ხოშტარია აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.


