მიხეილ სააკაშვილი ვერტმფრენით სავარაუდოდ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ
08/11/2021 14:14:04 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან ვერტმფრენით სავარაუდოდ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ინფორმაციას ამის შესახებ „მთავარი არხი“ ავრცელებს.
იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში კომენტარები ჯერ–ჯერობით არ კეთდება.
აღნიშნულზე ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ. მისი თქმით, რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „ შვილი თვალწინ ააცილეს“.
„ინფორმაცია მაქვს ის, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერა, რომ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ საავადმყოფოში. ამასობაში ყველაფრის იგნორიებით, თვალწინ აგვართვეს და სადღაც გააქრეს. გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და გადაგვიფრინა ვერტმფრენმა. 2 საათიდან ვიცდით და პასუხი არ გვაქვს, არაა ადამიანი, წაიყვანეს. ფაქტია, რომ სულ ცოტა ხნის წინ გაიყვანეს ბრონირებული მანქანებით, მერე ვერტმფრენში ჩასვეს. არ მაქვს ინფორმაცია, მაქვს მხოლოდ ვარაუდი და ის, რაც ჩემი თვალით დავინახე, როგორ გადაიფრინა ვერტმფრენმა და როგორ ჩაიარა ბრონირებულმა მანქანამ ფაქტია, რომ ჩემი შვილი აქ, ამ ციხეში, აღარაა,“ - განაცხადა ალასანიამ.


