გოგუაძე: "ხოშტარია გააგრძელებს შიმშილობას მანამ, ვიდრე არ გავიგებთ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეში არაა"
08/11/2021 16:00:15 პოლიტიკა
"დროას" წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, თანაპარტიელი ელენე ხოშტარია გააგრძელებს შიმშილობას მანამ, ვიდრე დადასტურებულად არ ეცოდინებათ, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ელენეს შიმშილობა ემსახურება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას. აქამდე გლდანის ჰოსპიტალზე მოსმენილი გვქონდა სახალხო დამცველის დასკვნა, რომ გლდანის ჰოსპიტალი არ შეესაბამება იმ სტანდარტს, სადაც იქნება დაცული და გარანტირებული მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და მისი უსაფრთხოება. ელენე ხოშტარია აგრძელებს შიმშილობას მანამდე, სანამ არ გვექნება დადასტურებულად და უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს გოგუაძე.
ელენე ხოშტარია, რომელიც მე-6 დღეა პარლამენტის შენობაში შიმშილობს, დღეს ცუდად გახდა. მან გონება დაკარგა.
სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დღეს 19:00 საათზე გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".ამ დროისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სააკაშვილის, რომელიც 39–ე დღეა, შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.


