სააკაშვილის დედა: "ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე სად იმყოფება ჩემი შვილი და იყოს მასთან დაშვებული პირადი ექიმი და სახალხო დამცველი"
08/11/2021 17:07:23 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, სად იმყოფება მისი შვილი.
"არ გამოვრიცხავ, გლდანის ციხეში არ იყოს... ჩემი თხოვნაა, ზუსტად ვიცოდე სად იმყოფება ჩემი შვილი და იყოს მასთან დაშვებული პირადი ექიმი და სახალხო დამცველი", – განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სააკაშვილი შესაძლოა, უკრაიანში ან გერმანიაში გადაიყვანონ, ალასანია აცხადებს, რომ იგი არაფერს გამორიცხავს.
"არფერია გამორიცხული", – აცხადებს ალასანია.
ამასთან, მან თბილისში ოპოზიციის აქციაზე მისულ მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა.
სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დღეს 19:00 საათზე გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს". ამ დროისთვის თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს, რომლის მთავარი მოთხოვნაც სააკაშვილის, რომელიც 39–ე დღეა, შიმშილობს, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია გადაყვანილი, ცოტა ხნის წინ კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიიტანეს. ამასთან, ციხის სამკურნალო დაწესებულებასთან, წყლის ჭავლის მანქანა, ასევე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ავტომობილი შეიყვანეს. გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე ხდება დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზებაც.


