"კანცელარიის შენობაში ღარიბაშვილი ვეღარ უნდა შევიდეს, ჩვენ არსად შესავარდნი არაფერი არ გვჭირს, არ ავუხდენთ ამ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს"
08/11/2021 17:36:03 პოლიტიკა
ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ დღეიდან უწყვეტი პროტესტი დაიწყება და გაგრძელდება მანამ, სანამ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას არ გაუწევენ, არ გაათავისუფლებენ მას და რიგგარეშე არჩევნებს არ ჩანიშნავენ.
მან თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაიძრან კანცელარიის შენობისკენ და მას წრე შემოარტყან და არ დაიშალონ.
"დღეიდან იწყება ფართო დ ძალიან დიდი საპროტესტო მოძრობა, არაფერია იმაზე დიდი ძალის მატარებელი, ვიდრე ხალხმრავალი, ერთიანი, მტკიცე და უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა, ეს საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება გათავისუფლებული და არ იქნება დაბრუნებული, მიტაცებული არჩევნები. [...] ცოცხალი ადამიანების ძალა დავანახოთ მთელ მსოფლიოს. [...] ღარიბაშვილი თუ შიგნია ვერ გამოვა გარეთ , თუ გარეთაა ვერ შევა შენობაში. კანცელარიის შენობაში ღარიბაშვილი ვეღარ უნდა შევიდეს, ჩვენ იქ არაფერი გვესაქმება [...] ჩვენ არსად შესავარდნი არაფერი არ გვჭირს, არ ავუხდენთ ამ ოცნებას ბიძინა ივანიშვილს", – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ხვალ დილით აქცია გაიმართება იუსტიციის სამინისტროსთან და "ასე აზვირთდება ხვალიდან პროტესტი".
როგორც მელიამ განაცხადა, დანარჩენ გეგმებზე მოგვიანებით განაცხადებს. დღეს აქციაზე მეტი გამომსვლელი არ იქნება.
გარდა ამისა, მელიამ დენონსტრანტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
მან სთხოვა დემონსტრანტებს, ვისაც ჯანმრთელობა შეუწყობს ხელს დარჩეს კანცელარიასთან და არ დაიშალოს:
„ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველა დავრჩეთ, ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის".


