"ემპათია" – სააკაშვილის გადაყვანაზე: "კიდევ ერთი ეპიზოდია წამების ჯაჭვში"
08/11/2021 18:30:08 პოლიტიკა
ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა ჯგუფი კვლავ მოითხოვს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას.
როგორც ექსპერტთა განცხადებაშია ნათქვამი, სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა.
ცენტრი მიიჩნევს, რომ "იუსტიციის სამინისტროს მოქმედება ამწვავებს მოშიმშილის პროტესტს და დამატებით რისკს უქმნის მის სიცოცხლეს".
"მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა გლდანის მე-8 საპყრობილის ტერიტორიაზე მდებარე ციხის საავადმყოფოში, კიდევ ერთი ეპიზოდია წამების ჯაჭვში როგორც ჯანდაცვის, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით. დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი - წამების აკრძალვა, ასევე, მე-2 მუხლი - სიცოცხლის უფლების ხელყოფა, მე-8 მუხლი - პირადი ცხოვრების უფლება, ასევე, სხვა მუხლები. იმიტირებული და მართული ხმაური მე-8 საპყრობილეში ემსახურება ღირსები შემლახავ მოპყრობას. სავარაუდო ნაძალადევი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში არღვევს მალტის დეკლარაციას, ასევე პაციენტის უფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. იგი 39-ე დღეა შიმშილობს.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ ღოღაძე, რომელმაც გლდანის ციხის საავადმყოფოში ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში ექს–პრეზიდენტი ძალის გამოყენებით გადაიყვანეს:
"ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა მე-18 დაწესებულებაში გადმოსვლა. ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით. გადმოიყვანეს სასწრაფოს მანქანით“.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე და შიმშილობას აგრძელებს.
იგი კლინიკაში იზოლირებულ პალატაში იმყოფება, მის სიახლოვეს სხვა პატიმრები არ იმყოფებიან, თუმცა გარედან პატიმრების ყვრილის ხმა ისმის.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გლდანის ციხეში პატიმრების ხმაური და მიხეილ სააკაშვილის მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენება ფსიქოლოგიურ ზეწოლად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს:
„მიმდინარეობს წარმოება და ამის შეფასება მოხდება“.
ამასთან, სახალხოს დამცველის წარმომადგენლის თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის მონტაჟი მე-18 დაწესებულებაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დღეს 19:00 საათზე გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".


