უკრაინის საგარეო უწყება სააკაშვილთან დაკავშირებით ქართულ მხარეს მიმართავს
08/11/2021 19:25:34 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანით და ინფორმაციის ნაკლებობით,– ამის შესახებ უკრაინის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, დაუყოვნებლივ გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ექნება ყველა საჭირო საშუალება სათანადო სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი დახმარების უზრუნველსაყოფად“,– ვკითხულობთ განცხადებაში.
ამასთნ, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ნოტა გაეგზავნა:
„უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დარჩენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დამატებით რისკებსა და დაძაბულობას ქმნის, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე. საგარეო საქმეთა სამინისტრო და უკრაინის საელჩო საქართველოში აგრძელებენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების სპეციალურ კონტროლს“.
მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. იგი 39-ე დღეა შიმშილობს.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ ღოღაძე, რომელმაც გლდანის ციხის საავადმყოფოში ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, აცხადებს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანში ექს–პრეზიდენტი ძალის გამოყენებით გადაიყვანეს:
"ფიზიკური დაზიანებები მე ვერ შევნიშნე ამ ეტაპზე, თუმცა წარმოება მიმდინარეობს, ინფორმაციები გამოთხოვილია. მას არ უნდოდა მე-18 დაწესებულებაში გადმოსვლა. ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს მე-12 დაწესებულებიდან. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ტრანსპორტირება მოხდა მანქანით. გადმოიყვანეს სასწრაფოს მანქანით“.
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო ჩარევაზე და შიმშილობას აგრძელებს.
იგი კლინიკაში იზოლირებულ პალატაში იმყოფება, მის სიახლოვეს სხვა პატიმრები არ იმყოფებიან, თუმცა გარედან პატიმრების ყვრილის ხმა ისმის.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს გლდანის ციხეში პატიმრების ხმაური და მიხეილ სააკაშვილის მისამართით უცენზურო სიტყვების გამოყენება ფსიქოლოგიურ ზეწოლად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს:
„მიმდინარეობს წარმოება და ამის შეფასება მოხდება“.
ამასთან, სახალხოს დამცველის წარმომადგენლის თქმით, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურის მონტაჟი მე-18 დაწესებულებაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
სააკაშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან გაყვანის შესახებ დღეს 19:00 საათზე გახდა ცნობილი. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ რუსთავის საპატიმროში შვილის სანახავად მივიდა, თუმცა „შვილი თვალწინ ააცალეს“. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო. სახალხო დამცველმა ორჯერ შეამოწმა ციხის საავადმყოფო. უკანასკნელი მონიტორინგი 4 ნოემბერს განხორციელდა. ომბუდსმენმა მონიტორინგის შემდეგ განაცხადა, რომ "მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა, ისევ არ შეესაბამება მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს".


