უგულავა: "გუშინ უზარმაზარ კატასტროფას გადავურჩით"
09/11/2021 08:02:20 პოლიტიკა
ოპოზიციონერ გიგი უგულავას შეფასებით, სამოქმედო გეგმაა არდაღლა და მიზნის მიღწევაა კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლებით, რომ „ადამიანი არ მოკვდეს „ანდროპოვის ფსიქიატრიულში“.
მისი თქმით, საზოგადოება გუშინ უზარმაზარ კატასტროფას გადაურჩა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე მოხსნილია:
„აქციამდე ორი საათით ადრე სპეციალურად გადაიყვანეს, იცოდნენ, რომ ხალხი ამაზე რეაგირებას მოახდენდა. რადგან ყველამ ვიცით, რომ ეს პირდაპირი საფრთხეა, არანაირი საავადმყოფო ის არაა. ეს იყო პროვოკაცია! ხალხი რომ იკრიბებოდა, იქ მოუწყვეს [სააკაშვილს] „შუმოკი“, რაც ტელევიზიებით ბუნებრივად გავიდა, რომ ხალხი კიდევ უფრო გამწარებულიყო. მათი გეგმის მიხედვით (ჩასაფრება უკვე გაკეთებული ჰქონდა), ჩვენ უნდა დავძრულიყავით გლდანში. გლდანში ამდენი ხალხი რომ მივიდოდა, მოაწყობდნენ ინსცენირებას და იქ სააკაშვილს და ამ ხალხს რა მოუვიდოდა, წარმოდგენაც არ მინდა: ციხესთან შეუძლიათ და დათვის კი არა ლეტალურ ტყვიებს დაგიშენენ. ამიტომ, ეს იყო ა ქვეყნის ყველაზე დიდი მტრის ივანიშვილის თავში მოხარშული. ამაზე მიდის, რომ ერთი, მოაკვდინოს სააკაშვილი და მეორე – დასაჯოს ხალხი, რომელიც მას არ ემორჩილება“,– განაცხადა უგულავამ.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრის შემდეგ შიმშილობა აქვს გამოცხადებული, ამბობს, რომ რუსთავიდან მოტყუებით გადაიყვანეს.
სახალხო დამცველის შეფასებით, "სააკაშვილის N18 დაწესებულებაში მოთავსება სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას არღვევს"
ოპოზიცია აქციას დღესაც გამართავს.


