"ჩემი შეთავაზებაა, არ დაელოდოთ მედიაციის ახალ რაუნდს"
09/11/2021 13:29:33 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ მედიაციის ახალ რაუნდს არ დაელოდონ.
მისი თქმით, საქართველოში არსებული პრობლემების გადაჭრის გასაღები არა ევროკავშირში, არამედ თბილისში, ქართველი პოლიტიკოსების ხელშია.
"ევროკავშირის ჩართულობა იყო ძალიან კრიტიკული და ღრმა. შარლ მიშელი პირადად იყო ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩაატარა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არ აკეთებს მსგავს რაღაცებს ყოველდღიურად, თუნდაც ყოველწლიურად, მაგრამ ევროკავშირი ვერ გადაგიჭრით პრობლემებს და თქვენ მაგივრად ვერ ჩაატარებს რეფორმებს. ევროკავშირს შეუძლია, გაგიზიაროთ საუკეთესო გამოცდილება, მაგრამ ის ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რაც საქართველოს წინაშე დგას. ახლა დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ეროვნული ინტერესები დააყენონ პარტიულ ინტერესებზე მაღლა. [...] მედიაციის კიდევ ერთი რაუნდი იქნება თუ არა, მე არ დავიწყებ ამ თემაზე სპეკულაციებს. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა, მე არ ველოდები. ჩემი პირადი შემოთავაზებაა, არ დაელოდოთ მედიაციის ახალ რაუნდს. ევროკავშირის ჩართულობა იყო ძალიან ღრმა და ყოვლისმომცველი, მაგრამ რაღაც მომენტში ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრა. საქართველო არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს ევროკავშირზე პოლიტიკურ პოლარიზაციასთან და პოლიტიკურ რეფორმებთან დაკავშირებით. ქართველმა პოლიტიკოსებმა თავად უნდა დაიწყონ რეფორმები. ეს მოითხოვს არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ ოპოზიციის ჩართულობასაც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და დისკუსიებს. ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული", – განაცხადა კალიურანდმა.


