"ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს სააკაშვილის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მოთხოვნების დაკმაყოფილება"
09/11/2021 14:10:21 პოლიტიკა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, "ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მოთხოვნების დაკმაყოფილება".
მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაიცვას პატიმარი ნებისმიერი სახის ძალადობისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისგან და უზრუნველყოს ის შესაბამისი სამედიცინო დახმარებითა და უსაფრთხოებით:
„ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ გვაღელვებს მისი კეთილდღეობა. სამედიცინო ჯგუფის უკანასკნელი შეფასებიდან გამომდინარე, რომ მისი ჯანმრთელობა მაღალი რისკის ქვეშაა და საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას, ასევე სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, რომლის მიხედვით, გლდანის #18 სასჯელაღსრულების დაწესებულების კლინიკა არ არის შესაფერისი, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დარწმუნდეს, რომ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეწოდება საჭირო სამედიცინო დახმარება, სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში. ამასთან, მოვუწოდებთ სააკაშვილს გაითვალისწინოს მისი ექიმების რეკომენდაცია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, რომელიც ექიმების თქმით, მას ესაჭიროება. ცხადია, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური და ემოციური ვითარება. ახლა პრიორიტეტი უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მოთხოვნების დაკმაყოფილება. ჩვენ ძლიერი რეკომენდაციაა ხელისუფლებისადმი, რომ უზრუნველყოს ის სამედიცინო დახმარებით, რომელიც მას ესაჭიროება. მას უნდა მოეპყრან თანასწორად და ღირსების დაცვით ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


