"არ მგონია, აშშ-ის ელჩი უფრო კომპეტენტური იყოს, ვიდრე პენიტენციური სისტემა"
10/11/2021 05:00:42 პოლიტიკა
დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ბექა დავითულიანი ეხმიანება აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ და აცხადებს, რომ "არ ჰგონია, დიპლომატი უფრო კომპეტენტური იყოს,, ვიდრე პენიტენციური სისტემა"
„არ ვარ დარწმუნებული და ნამდვილად არ მგონია, რომ უფრო კომპეტენტური იყოს ამერიკის ელჩი, ვიდრე არის პენიტენციური სისტემა საკუთარი პატიმრის დაცვის თვალსაზრისით, სად უფრო უსაფრთხოდ აგრძნობინებს თავს. რა გავაკეთო ახლა, რახან ამერიკის ელჩია, იმას ხო არ ნიშნავს, რომ მართალია აპრიორი", - განაცხადა ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის" ეთერში.
9 ნოემბერს ელჩმა დეგნანმა ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ სააკაშვილმა მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში, ხოლო თავად სააკაშვილს მოუწოდა, დაუჯეროს თავის ექიმებს.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


