პოლონური მედია: "დუდამ ზურაბიშვილს განუცხადა, რომ სააკაშვილის დაკავება საქართველოს იმიჯს აზიანებს"
10/11/2021 06:04:30 პოლიტიკა
პოლონური მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილა.
"დუდამ ზურაბიშვილს განუცხადა, რომ იგი პატივს სცემს ქართულ სასამართლო სისტემას, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის დაკავება საქართველოს იმიჯს აზიანებს.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ პოლონეთს სააკაშვილი ლეხ კაჩინსკის მეგობრად ახსოვს და სთხოვა ზურაბიშვილს მიიღონ ზომები მისი საქმის მშვიდობიანად მოსაგვარებლად", – იუწყება პოლონური მედია.
პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი 8 ნოემბერს შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია, თუმცა მიხეილ სააკაშვილის საკითხი ნახსენები არ არის.
ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


