"სააკაშვილთან შესახვედრად საერთაშორისო დელეგაციების ჩამოსვლა იგეგმება"
10/11/2021 16:11:37 პოლიტიკა
პარლამენტის დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით საქართველოში საერთაშორისო დელეგაციების ჩამოსვლა იგეგმება.
"უახლოეს დღეებში იგეგმება უკვე პირველი საერთაშორისო დელეგაციების ჩამოსვლა ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის საპატიმროში მონახულების მიზნით. მე ძალიან ბევრი ვიმუშავე ამ მიმართულებით გასული დღეების განმავლობაში და ახლა რომ არ გავასწრო მოვლენებს, უბრალოდ ვიტყვი, რომ ველოდებით შესაბამის უფლებას, რომელიც უნდა გასცეს ხელისუფლებამ ამ ადამიანებისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა შეხვდნენ სააკაშვილს", – აცხადებს სამადაშვილი.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


