კობახიძე – ხოშტარიას შესაძლო მოწამვლაზე ინფორმაციის გავრცელებაზე: "პრევენციის დატვირთვა ჰქონდა, რომ ვინმეს ასეთი რამ თავშიც არ გაევლო"
10/11/2021 19:30:22 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დეპუტატ ელენე ხოშტარიას შესაძლო მოწამლვის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას "პირველ რიგში, პრევენციის დატვირთვა ჰქონდა".
"ჩვენი ინფორმაციაა, რომ ოპოზიციის დაახლოებით 10–კაციანი თათბირისას, ერთ-ერთმა მონაწილემ მოგვაწოდა ინფორმაცია ელენე ხოშტარიას შესაძლო მოწამვლის შესახებ. საუბარი იყო სხვადასხვა ვერსიაზე, მათ შორის – მკვლელობაზე და ამაზე თავის დროზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია. მათ არ ჰქონდათ გეგმა შემუშავებული, მაგრამ ერთ-ერთ ვერსიად განიხილეს ხოშტარიას მოწამვლის საკითხი, რაც შემდეგ თათბირის მონაწილეებს შორის სერიოზული განხილვის საკითხი გახდა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, მყისიერად საჯარო ინფორმაცია გაგვევრცელებინა, რასაც პირველ რიგში, პრევენციის დატვირთვა ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ ვინმეს ასეთი რამ თავშიც არ გაევლო. დანარჩენი, თუ იქნება დამატებითი ინტერესი, რა თქმა უნდა, ამ ინფორმაციასაც ყველას გავუზიარებთ", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.


