"კიევის მხრიდან სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის თაობაზე საუბარი არ ყოფილა, რომც მოითხოვონ, სამართალი უნდა აღსრულდეს"
10/11/2021 19:39:16 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიევის მხრიდან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანის თაობაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა რომც მოითხოვონ სააკაშვილის გადაცემა, ეს მოთხოვნა არ შესრულდება. ამის შესახებ კობახიძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ითხოვს თუ არა ოფიციალური კიევი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ირაკლი კობახიძე პასუობს, რომ ამგვარი საკითხის განხილვა არ მომხდარა:
"ამასთან დაკავშირებით არავითარი საუბარი არ ყოფილა. მე მგონია, რომ არც იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ პირველ რიგში უკრაინელებს მოაბეზრა თავი, ვიდრე აქ ახლა აბეზრებს ქართულ საზოგადოებას თავს მიხეილ სააკაშვილი. აქედან გამომდინარე, ასეთი არაფერი არ ყოფილა, შესაბამისი პოზიცია ექნება ჩვენს ხელისუფლებასაც".
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, "რომც დააყენონ მსგავსი მოთხოვნა, არ მოხდება მისი გადაცემა?" კობახიძემ შემდეგი პასუხი გასცა:
"რა თქმა უნდა. სამართალი უნდა აღსრულდეს, ყველა უნდა მიეჩვიოს, რომ სამართლის უზენაესობა ამ ქვეყანაში უნდა იყოს დაცული".


