"სტრასბურგის სასამართლომ მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ დააკმაყოფილა"
10/11/2021 20:10:02 პოლიტიკა
ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის დაცვის მხარის მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დააკმაყოფილა. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების მიღების შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლო მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ამ მოწოდებით აღიარებს ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შიმშილობს.
- სასამართლომ დაავალა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მყისიერად აცნობოს ამჟამინდელი მდგომარეობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ სამედიცინო პროცედურის შესახებ, რომელიც გატარდა მასთან დაკავშირებით, ამ წუთისთვის ციხის მე-18 დაწესებულებაში.
- გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ დაავალა სახელმწიფოს, რომ აუცილებლად გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ ის ვალდებულია უზრუნველყოს პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა, ციხეშიც და ზოგადადაც და ასევე შეახსენა ვალდებულება, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი შეწყვეტს შიმშილობას, სტრასურგის სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა მისი ადეკვატური, რეაბილიტაცია, მკურნალობა და უსაფრთხოება ისევ უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფილი.
- ასევე, ჩვენ დაგვევალა, რომ ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ჯანმრთელობის, ისე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
- 24 ნოემბერს, კიდევ ერთხელ, ეს ინფორმაციები შეჯერდება და მაღალი ალბათობით, კვლავ იმსჯელებს იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება.
- საქმე არის პრიორიტეტული და აქვე სასამართლო ახსენებს საქართველოს სახელმწიფოს, რომ მის მიერ ნებისმიერი ამ განაწესის დარღვევა, არის კონვენციის დარღვევა და ჩაითვლება სახელმწიფოს მიერ კონვენციის შეუსრულებლობად", - განაცხადა გვარამიამ.
იგი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი საერთაშორისოდ აღიარებულია.
- "ჩვენ მოხარული ვართ იმასთან დაკავშირებით, რომ ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, საერთაშორისოდ აღიარებულია და ამ სპეკულაციებს, იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება შეეშვება დღეიდან.
- მეორე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიხეილ სააკაშვილის, ერთი მხრივ, შიმშილობის შეწყვეტის პლატფორმა გაჩნდა, თუმცა სახელმწიფოს ვალდებულებების შესრულებასთანაა ეს ყველაფერი დაკავშირებული.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, უსაფრთხოებისა და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა, როგორც ციხეში, ასევე ზოგადად. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობა სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის აღსრულებისა არ იქნება ციხეში და ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არ არის, სახელმწიფო დაარღვევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რამეთუ ვერ უზრუნველყოფს გადაწყვეტილებით დადგენილი მაღალი ხარისხის მკურნლობის და უსაფრთხოების სტანდარტებს. [...] სახელმწიფოს აქვს დავალებული, რომ პატიმარი უნდა იყოს ჯანმრთელი და უსაფრთხო პირობებში. თუ მისი [სახელმწიფოს] გადაწყვეტილება გაგრძელდება გლდანის ციხის მიმართულებით, სახელმწიფო ამ საქმეს წააგებს. რადგან უბრალოდ ვერ შესრულდება ეს [სტრასბურგის] გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ცხადია გვერჩივნა, რომ პირდაპირ მითითება ყოფილიყო გადაყვანასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი რაღაცები პრაქტიკულად არ ხდება", –განაცხადა გვარამიამ.


