დროებითი ღონისძიებები სააკაშვილის შესახებ: რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში

11-11-2021 12:00:49 პოლიტიკა

სტრატსბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაებ მხარეთა მხრიდან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებები მოჰყვა. „აქცენტი“ გთავაზობთ სტრასბურგის სასამართლოდან იუსტიციის სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილის (რომელიც უწყებამ გამოაქვეყნა) ქართულ ვერსიას.

„სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და საქმის წარმოების სათანადოდ წარმართვის მიზნით გადაწყვიტა, რომ განმცხადებლისთვის (მიხეილ სააკაშვილისთვის) შიმშილობის შეწყვეტა მოეწოდებინა.

ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს მას (ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს) აპლიკანტის (მიხეილ სააკაშვილის) ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ (ასევე ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო მკურნალობის შესახებ) და (მთავრობამ) უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მისი უსაფრთხოება და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში.

მხარეთა ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ხელმომწერი სახელმწიფოს მიერ 39-ე მუხლით გათვალისწინებული ზომების შეუსრულებლობამ შესაძლოა, გამოიწვიოს კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო მიანიშნებს დიდი პალატის მიერ 2005 წლის 4 თებერვალს "მამატკულოვი და ასკაროვი თურქეთის წინააღმდეგ" საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების 128-ე და 129-ე პარაგრაფებზე ისევე, როგორც – ამავე საქმის სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტზე.

ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, 41-ე მუხლის თანახმად, აპლიკაციას პრიორიტეტი მიანიჭოს", – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 39-ე მუხლით განსაზღვრულ ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ სასამართლომ ორივე მხარისგან მოითხოვა ინფორმაციის მიწოდება. მხარეებს ინფორმაციის წარსადგენად ბოლო ვადად 24 ნოემბერი განესაზღვრათ.

რა თქვა სტრასბურგმა

გადაწყვეტილების შინაარსს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი განმარტავს:

  • პირველი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს დაავალა სასამართლოს ინფორმირება სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მხარეებისგან სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას გადაყვანაზე ან უარზე. ამდენად, სასამართლომ ამ ეტაპისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალების ღონისძიება გამოიყენა.
  • მართალია, ეს ის არაა, რაც სააკაშვილის ადვოკატებმა მოითხოვეს, თუმცა არ ნიშნავს, რომ მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა, რადგან სასმართლო დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ მიიღებს ამ საკითხზე საბოლოოდ გადაწყვეტილებას. ამდენად, არ მესმის იუსტიციის მინისტრის სიხარული, რადგან ეს წერილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარად არ შეგვიძლია, განვიხილოთ: ეს არის შუალედური გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტამდე.
  • სასამართლომ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პატიმრის უფლებებიდან უნდა გამოვიდეს და ისე უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, ხოლო პოლიტიკურ კეკლუცობას უნდა მოეშვას, რადგან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა უმთავრესი. ამ ღონისძიებით, სასამართლომ ეს პროცესი მოაქცია იმ ჩარჩოებში, საიდანაც მთავრობა დიდი ხანია, გავიდა. მორიგი დასტური, რატომ გვჭირდება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და არა ის, რაც გვაქვს.
  • და ბოლოს, რა უთხრა სააკაშვილს სასამართლომ. იმ ტერმინს, რომელიც სასამართლომ გამოიყენა (urge), გინდ მოწოდება დავარქვათ (დაჟინებით თუ დაუჟინებლად), თუნდაც მოთხოვნა თუ ასე შემდეგ, შეგვიძლია ლექსიკონებში ქექვასაც თავი დავანებოთ, ფაქტი ერთია: სამართლებრივი კონტექსტია მნიშვნელოვანი, სასამართლო ინდივიდს ასეთ დავალებას ვერ მისცემს და პოლიტიკურ აქტში ვერც და არც ჩაერევა.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს და რუსთავის საპატიმროში გადაიყვანეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოითხოვენ მის გადაყვანას სამოქალაქო კლინიკაში.

8 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მისი ნების საწინააღმდეგოდ, ოჯახის წევრების და ადვოკატების გაფრთხილების გარეშე, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. აღნიშნული იუსტიციის სამინისტრომ "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციად და მომატებული საფრთხეებით“ განმარტა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები