"სააკაშვილთან დაკავშირებით სრულფასოვნად უნდა იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია"
11/11/2021 10:03:26 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სრულფასოვნად უნდა იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
"ჩვენ ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას. ვაკვირდებით იმას, თუ რას აცხადებს სახალხო დამცველი, თავად მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ჩვენ ასევე ვიხილეთ გარკვეული კადრები მისი საკნიდან. ყველაფერი ეს აჩენს კითხვებს და ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
რაც შეეხება გუშინდელ სასამართლო პროცესს, რომელსაც ასევე ყურდარებით ვადევნებთ თვალს, ჩვენ შევიტყვეთ, რომ სააკაშვილს არ მისცეს უფლება სასამართლო პროცესს დასწრებოდა. უბრალოდ მინდა, შევახსენო ყველას, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებების შესახებ ამბობს – სასამარლო პროცესი უნდა იყოს გამჭვრვალე, მიუკერძოებული და სამართლოიანი", – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, მან ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად უნდა შესრულდეს:
„დიდ ყურადღებას ვიჩენთ საქართველოში ზოგიერთი ინსტიტუტის მიმართ, მინდა დავიწყო სამედიცინო კონსილიუმით, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ვფიქრობ, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან, როგორც ამბობენ, არც დიპლომატები და არც პოლიტიკოსები ექიმები არ არიან, რომ სამედიცინო რჩევები გასცენ. მე იმედი მაქვს, რომ სამედიცინო კონსილიუმის მუშაობა გაგრძელდება. უნდა აღვნიშნოთ იმ განსაკუთრებულ როლზე, რასაც ამ საქმის ზედამხედველობის კუთხით კონსტიტუციის შესაბამისად სახალხო დამცველი ასრულებს და გასცემს რჩევებსა და შეფასებებს, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ასევე მინდა ვახსენო სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, რომელიც კარგ რეკომენდაციებსა და რჩევებს გასცემს პატიმრების უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე დასაფასებელია. ამ ყველაფრის ფონზე, წუხელ უკვე გავაკეთე კომენტარი. მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და ის, რომ სამედიცინო კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად შესრულდეს".


