მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას გარკვეული პირობით წყვეტს
11/11/2021 14:08:48 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ითვალისწინებს ქვეყნისთვის წარმოქმნილ საფრთხეს და სტრასბურგის სასამართლოს რეკომენდაციას შიმშილობას გარკვეული პირობით წყვეტს.
„შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შიმშილობის მართვის. ამიტომაც, გლდანის საავადმყოფოში ამისთვის არც სათანადო პირობებია, არც სათანადო კვალიფიკაციის მედპერსონალი. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, ვენდო იმ დაწესებულების თანამშრომლებს, ვინც წამების პპირობებში მამყოფებს და მათი ძალადობის ამსახველი კადრები დღეს იხილეთ. აქ არ არსებობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლისგან დაცვის არანაირი გარანტია, რაც სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნაცაა. ასევე უდიდეს საფრთხედ მიმაჩნია გორის ჰოსპიტალი, რადგანაც, რუსული საოკუპაციო ჯარის და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები რამდენიმე კილომეტრში იმყოფებიან. იმ რუსეთის, ვინც ჩემი ლიკვიდაციის მთავარი დამკვეთია. შესაბამისად, ვითხოვ ექიმთა კონსილიუმის მიერ მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, თუ რომელ მულტიფუნქციურ და მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში და მკურნალობის რა მეთოდით ვიქნები უზრუნველყოფილი რეაბილიტაციის დროს. კონსილიუმი უნდა იყოს მხოლოდ ექიმებისგან შემდგარი და პარიტეტულ საფუძველზე ჩემი და სახელმწიფოს წარმომადგენლების თანაბარი რაოდენობის ექიმების შემადგენლობით. მისი გადაწყვეტილება უნდა იყოს სავალდებულო, რასაც მე უპირობოდ დავემორჩილები და დაემორჩილოს ხელისუფლება“,– ამბობს სააკაშვილი წერილში, რომელიც საზოგადოებას მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.
ამასთან, სააკაშვილი ამბობს, რომ როდესაც სათანადო დაწესებულებაში გადაიყვანენ, შიმშილობას დაუყოვნებლივ შეწყვეტს.
სააკაშვილი ელენე ხოშტარიასაც მოუწოდებს შიმშილობის შეწყვეტისკენ.
რაც შეეხება საფრთხეებს, სააკაშვილი აღნიშნავს:
"ხელისუფლების ქმედებები ჩემი შიმშილობის პირველი დღიდან დღემდე მიზანმიმართული და დაგეგმილი მკვლელობის ოპერაციაა. დამკვეთი ერთადერთია - ვლადიმირ პუტინი.
დღეს გავრცელებული კადრები, რომელიც კარგად ასახავს, ვინ არის გამარჯვებული და ვინ - ბნელეთის მხარეს, უმძიმესად აზიანებს თავად ხელისუფლებას. ამიტომ, თითქოს პარადოქსია, რატომ გამოაქვეყნა ხელისუფლებამ ეს კადრები.
თუმცა, ამ პარადოქსს სრულიად ცხადი ახსნა აქვს - მოხდეს ქართველი პატრიოტების უკიდურესი გაბრაზება, იმდენად, რომ ხელისუფლების მომდევნო პროვოკაციებმა გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც მოჰყვება რუსეთის შემოსვლა და ქვეყნის ოკუპაცია, მათ მიერ "საზღვართან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალების" საფარქვეშ.
შესაბამისად, მე, როგორც ამ ქვეყნის თავგადაკლულ პატრიოტს და ამ თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელს, არ მაქვს უფლება, არ შევეწინააღმდეგო ამ კატასტროფული სცენარის განვითარებას.
ჩემი შიმშილობა უკვე ხდება რუსების და მოქმედი ხელისუფლების ბრძოლის იარაღი, ოღონდ არა ჩემ, არამედ ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგოდ.
აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, გავითვალისწინო სტრასბურგის სასამართლოს, ასევე ჩვენი დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილება და შევწყვიტო შიმშილობა".
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან შიმშილობს.


