მდინარაძე – კადრებზე: "აქ სააკაშვილს არავინ აფორთხიალებდა, მიჰყავდათ, თვითონ რომ ფორთხავდა აგვისტოს ომის დროს, ყველა ქართველს მისი საქციელის შერცხვა"
12/11/2021 14:51:30 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არასასიამოვნო სანახავი იყო გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის კადრები. თუმცა, მან ჟურნალისტს კითხვაზე, უხერხულობის შემქმნელი იყო თუ არა ეს კადრები, შემდეგი განაცხადა:
"რასაც მეკითხებით - უხერხულობას ვინმეს უქმნის თუ არა, უხერხრულობას კი არა უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, სადაც ის თვითონ ფორთხავს. აქ არავინ აფორთხიალებდა, მიჰყავდათ. თვითონ როდესაც ფორთხავს აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი, გარბის სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა, მაშინ უხერხულობა კი არ მქონდა, შემრცხვა. დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე იყავით. მისი ფორთხვა რომ ვნახეთ, ყველა ქართველს მისი საქციელის შერცხვა".
მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები იძულებულები იყვნენ ამ ფორმით შეეყვანათ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში:
"რაც შეეხება კადრებს, არც ჩემთვის იყო სასიამოვნო სანახავი. ნორმალურ ადამიანს არავის პატიმრობა უხარია. როდესაც ხელში აყვანილი მიჰყავთ, პატიმარი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომლის მიმართაც იძულებითი ღონისძიება უნდა გამოიყენონ, რადგან სხვაგვარად ვერ შეძლებენ თავისი ფუნქციის შესრულებას სამართალდამცველები, ეს სასიამოვნო სანახავი არც ერთ შემთხვევაში არაა".
როგორც მდინარაძე აცხადებს, ნებისმიერ პატიმარს, მსჯავრდებულს, თუ ბრალდებულს ღირსეულად ეპყრობა ქართული სახელმწიფო:
„რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკას, ერთადერთი მიზანი აქვთ. სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არის ერთადერთი საშუალება, რომ მან დატოვოს პენიტენციური სისტემა, ციხე დატოვოს. ეს არის მიზანი, სხვა მიზანი მას არ გააჩნია. ნებისმიერ პატიმარს, მსჯავრდებულს, თუ ბრალდებულს ღირსეულად ეპყრობა ქართული სახელმწიფო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნავს ქმედითად და არა პოპულისტურად. ნახეთ, სტრასბურგის სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო, მათ მოთხოვნაზე უარი უთხრა“.
მისი განცხადებით, პატიმრის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა სამედიცინო მომსახურებას, მაგრამ პატიმრის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ რომელ დაწესებულებაში განთავსდება:
„წარმოგიდგენიათ, რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში, პატიმრის და მსჯავრდებულის გადასაწყვეტი იყოს რომელ დაწესებულებაში განთავსდება, რა მოხდებოდა?! ეს არის შესაბამისი უწყების დისკრეცია, ამ დისკრეციის ფარგლებში მოქმედებს ლეგიტიმურად. ვერც სააკაშვილი და ვერც სხვა ბრალდებული, თუ მსჯავრებული, ცივილიზებულ სამყაროში ვერ გადაწყვეტენ რომელ დაწესებულებაში განთავსდნენ“.


